3×3 კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა
22 ივნისს, „თბილისი მოლში“ სტარტს აიღებს საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში. გახსნის ცერემონიალთან ერთად „თბილისი“ მოლში“ 22 ივნისს დედაქალაქის შესარჩევი ტური გაიმართება.
აღნიშნულ ღონისძიებათან დაკავშირებით ჩემპიონატის მასპინძელ „თბილისი მოლში“ დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ტურნირის ორგანიზატორები, მხარდამჭერები და სპონსორი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
3X3 კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები ჩატარდება საქართველოს 11 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, მცხეთა,ოზურგეთი, გორი, რუსთავი, ზუგდიდი, ბორჯომი, ამბროლაური.
11 შესარჩევი ტურნირის შემდეგ გაირკვევა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც თბილისში, 12 ივლისს, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ფინალურ ტურნირში იასპარეზებენ, რომელიც თბილისში ჩატარდება.
3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი და ფინალური ეტაპები გაიმართება ფიბა-ს ლიცენზირებულ მოედანზე, რომელიც კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით შეიძინა.
გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება 8-9 აგვისტოს ტალინში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი – სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,გენერალური სპონსორი „სამსუნგი“, გენერალური პარტნიორი – „ბორჯომი“, პარტნიორი – ტურისტული კომპანია „trawellin“, ტურნირის ოფიციალური მასპინძელი „Tbilisi Mall“, საინფორმაციო პარტნიორი ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმა“.
რეგისტრაცია მიმდინარეობს სუპერლიგის ოფიცილაურ ვებ-გვერდზე www.superleague.ge
ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე : http://superleague.ge/pdf/3×3.pdf.
გიორგი ზაბახიძე (სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი): ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში FIBA-ს ეგიდით ტარდება ასეთი მასშტაბური ღონისძიება, 3X3 კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატი. მსურს მადლობა გადავუხადო სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს აღნიშნული ტურნირის მხარდაჭერისთვის და სპონსორ კომპანიებს. ყველა მათგანი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. რაც მთავარია, ფედერაციამ შეძლო FIBA-ს ლიცენზირებული მოედნის შეძენა, რომელზეც გაიმართება აღნიშნული ტურნირი, ყველა რეგიონი იხილავს მას და ყველას ექნება ამ მოედანზე თამაშის საშუალება. იმედია, პირველი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში მაღალ დონეზე ჩატარდება და ყველას მოვუწოდებ 22 ივნისს მობრძანდეს თბილისი მოლში ტურნირის საზეიმო გახსნაზე.
გიორგი ასათიანი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარატამენტის უფროსის მოადგილე): ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კალათბურთის ფედერაციასთან და მივესალმებით მათ ნოვაციებს. აქამდე პატარა შეჯიბრებები ეწყობოდა ხოლმე და ასეთი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს ჯერ არ ჩატარებულა. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში ტარდება ასეთი ჩემპიონატი და ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება კალათბურთში და ზოგადად სპორტში. მიხარია, რომ სპონსორები ჰყავს 3×3 კალათბურთის ეროვნულ ჩემპიონატს და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურ დახმარებას გავუწევთ კალათბურთს და კონკრეტულად 3X3 კალათბურთის ჩემპიონატს.
ზაალ ხელაძე(,,სამსუნგის’’ მარკეტინგის მენეჯერი): პირველ რიგში, ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტის სპონსორები ვართ. რაც მთავარია, ეს არის ჩვენთვის არა კომერციული, არამედ სოციალური პროექტი. ძალიან დაგვაინტერესა იმ ფაქტმა, რომ ეს არ იქნება გათვლილი მხოლოდ თბილისზე და მოიცავს მთელ საქართველოს. რეგიონებში დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რეგიონში მაცხოვრები ახალგაზრდებისთვის ასეთი პროექტები, სამწუხაროდ, ხშირად არ ტარდება. შეაბამისად, მათი წახალისება იყო ჩვენი მონაწილეობის ძირითადი მიზანი და ვფიქრობთ, მომავალშიც გავაგრძელებთ ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობას და ამ პროექტის მხარდაჭერა არ იქნება ერთჯერადი.
ნატა წერეთელი (,,მიტარბის’’ ბრენდ მენეჯერი): ‘’IDS ბორჯომი საქართველომ’’ გადაწყვიტა დაასპონსოროს ეს არაჩვეულებრივი ტურნირი ახალი ბრენდი ,,მიტარბით’’, რომელიც 2 თვეა ბაზარზე შემოვიდა და გამოირჩევა დაბალი მინერალიზაციით და მსუბუქი გემოთი. ძალიან გვიხარია, რომ ,,მიტარბი’’ ჩაერთო 3×3 კალათბურთში და ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებთ, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ტურნირში. ,,მიტარბი’’ კი, თავის მხრივ, გაახალისებს მათ მთელი ტურნირის განმავლობაში.
თათა წიკლაური (ტურისტური სააგენტო ,,Trawellin’’-ის მარკეტინგის მენეჯერი): ჩვენი სააგენტო დიდი ხანია თანამშრომლობს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ სპონსორობა გაგვეწია 3×3 კალათბურთის განვითარებისთვის და ხელი შეგვეწყო გამარჯვებული გუნდის გამგზავრებისთვის ტალინში. ძალიან მოხარულები ვართ და დიდი მადლობა ეროვნულ ფედერაციას, რადგან საშუალება მოგვეცა მსგავსი ტურნირი დაგვესპონსორებინა.
იანა კოკოურინა („თბილისი მოლის“ მარკეტინგის მენეჯერი) : მსურს მადლობა გადავუხადო კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომ 22 ივნისს შესანიშნავი ღონისძიება ჩატარდება „თბილისი მოლში“ და ვფიქრობ მომავლ წელსაც გავაგრძელებთ ურთიერთობას. წარმატებას ვუსურვებ ჩემპიონატის ყველა მონაწილე გუნდს.
superleague.ge