3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირები დასრულდა
3X3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2 შესარჩევი ტური გაიმართა თელავსა და რუსთავში 9 და 10 ივლისს. კახეთში თავი ექვსმა გუნდმა მოიყარა, რომლებიც ერთმანეთს ფინალური ეტაპის საგზურისთვის დაუპირისპირდა. დებულების თანახმად, 23 ივლისს დაგეგმილი ფინალურ ეტაპის საგზურები სხვადასხვა რეგიონების შესარჩევი ტურნირებში თამაშდება.
პირველ – თბილისში ჩატარებულ შესარჩევი ტურიდან ფინალური ეტაპისსაგზური 8 საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, ხოლო რეგიონებიდან ფინალში მხოლოდ გამარჯვებულები გადავიდნენ. დედაქალაქის შემდეგ შესარჩევი ტურნირები ჩატარდა ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავში.
თელავში შეკრებილი 6 გუნდი 2 ჯგუფში განაწილდა. პირველ ადგილებზე გასულები პირდაპირ ნახევარფინალში გადავიდნენ, ხოლო 2-3 ადგილოსნები ერთმანეთს პლეი ოფში გადასასვლელად დაუპირისპირდნენ.
ფინალში ერთმანეთს „კახეთი მიქს“ და SQUAD შეხვდნენ. მატჩი დაძაბული ვერ გამოვიდა. „კახეთი მიქსმა“, რომლის ღირსებასაც ოთო ამონაშვილი, გიორგი ჩაველაშვილი, გიორგი დოლიძე და დავით პაპუნაშვილი იცავდნენ, 15:10 სძლიეს მეტოქეს და კახეთიდან ფინალური ეტაპის საგზურს დაეპატრონნენ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დოლიძე დასახელდა, რომელიც სპეციალური პრიზით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.
რაც შეეხება რუსთავულ ტურს, ქვემო ქართლის მთავარ ქალაქში თავი 8 გუნდმა მოიყარა. 4-გუნდიანი ჯგუფებიდან ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გადავიდა. ფავორიტად მიჩნეული გუნდები „მუხბე“ და „ლომები“ ფინალამდე კი მივიდნენ, თუმცა „ლომებს“, რომლის ღირსებასაც 3X3 კალათბურთის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრები იცავდნენ, ნახევარფინალში გაუჭირდათ. დავით აფხაზავამ, ნიკა ლოლიშვილმა, გიორგი კორსანტიამ და ნიკა წირღვავამ 21:19 სძლიეს მამუკა ბერულავას, დათო დადუნაშვილისა და საბა სირაძისგან შემდგარ გუნდ „არიქა დაროგას“.
ასეთი მატჩის შემდეგ „ლომებმა“ ფინალში რეალური ძალა გამოაჩინეს და „მუხბეს“ (ბიქტორ კოღუაშვილი, ირაკლი ჯანხოთელი, საბა სვანიძე, ბექა ჯანხოთელი) დაძაბულ ბრძოლაში – 16:14 ჯობეს. გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი ფინალისტი არ გახლდათ ქვემოქართლური გუნდი, საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მეოთხე ადგილზე გასულმა „სოხამ“ მოიპოვა, რომლის ღირსებასაც გიორგი ბექაური, გიორგი ჩიხრაძე, გუგა პატაშური და ირაკლი წიქარიშვილი იცავდნენ.
რუსთავული ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჩემპიონი „ლომების“ გამთამაშებელი – დავით აფხაზავა დასახელდა, რომელმაც საგანგებო პრიზი გიგა გურგენიძისგან ჩაიბარა.
ასე და ამგვარად, 23 ივლისს, „East Point“-ში დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მონაწილეობების ვინაობა სრულად გაცხადდა. ესენი არიან: Baku, კაკტუსი, Dream team, Geo3x3, Ponto franco, Hellohaters, კახეთი მიქს, მუხბე, სეუ, სოხა, Squad, West.