3×3-ზე კალათბურთში საქართველოს ნაკრები ამსტერდამში მიემგზავრება
3×3-ზე კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, ჰოლანდიაში მიემგზავრება. 3×3-ზე კალთბურთის ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონატი 5-7 სექტემბერს რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში გაიმართება.
სწორედ ამ ტურნირის ფინალური ეტაპის საგზურებისთვის იქნება ბრძოლა ჰოლანდიაში, სადაც საქართველოსთან ერთად თავს 8 ნაკრები მოიყრის. ესენია – ჰოლანდია, რუსეთი, თურქეთი, ანდორა, აზერბაიჯანი, რუმინეთი, შვედეთი და საქართველო. აღნიშნული ნკრებები ფინალური ეტაპის ოთხი საგზურისთვის იბრძოლებენ.
ამსტერდამში თავმოყრილი 8 გუნდი 2 ქვეჯგუფში გაარკვევს ურთიერთობას. ერთი წრის შემდეგ ნაკრებები ჯგუფში დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდებიან ¼ ფინალში.
ევროპირველობის შესარჩევი ტურნირი უკვე გაიმართა უნგრეთში, სადაც საგზურები ლიტვამ, ისრაელმა, ესპანეთმა, ბელგიამ და შვეიცარიამ მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების ღირსებას ჰოლანდიაში ირაკლი ჩლაიძე, მიხეილ ფანჩულიძე, ირაკლი ალხანაიძე და ვახტანგ ქადარია დაიცავენ. ჩვენი გუნდი ასპარეზობას „ბ“ ჯგუფში თურქეთის, რუსეთის და შვედეთის ნაკრებებთან იასპარეზებს.
მოახლოებულ ტურნირთან დაკავშირებით ნაკრების წევრებმა ღია ვარჯიში გამართეს. გუნდის მზადების და შანსების შესახებ კომენტარი ნაკრების მენეჯერს, გიგა გურგენიძეს და მოთამაშეს მიხელ ფანჩულიძეს ვთხოვეთ.
გიგა გურგენიძე: ”3x3-ზე კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი პირველად ტარდება და შესაბამისად ჩვენც პირველად მივემგზავრებით შესარჩევ ეტაპზე. მოვხვდით „ბ“ ჯგუფში, სადაც საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვეყოლება. ბიჭები კარგად ემზადებიან, იმედიანად არიან და იმედია ფინალური ეტაპის საგზურსაც მოვიპოვებთ“.
მიხეილ ფანჩულიძე: „უკვე არაერთი კვირაა ამ ტურნირისთვის ვემზადებით. ვიმყოფებით კარგ ფორმაში. სიმართლე გითხრათ, მეტოქეებზე ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ჩვენს თავში დარწმუნებულები ვართ და ვეცდებით ასპარეზობა გამარჯვებით დავასრულოთ“.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები