კალათბურთის ფედერაციის გამგეობის შეხვედრა ვეტერან კალათბურთელებთან
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებმა ქართულ საკალათბურთო საზოგადოებასთან შეხვედრები დღეს დაიწყეს. 2 ოქტომბერს გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად, გამგეობამ პირველი შეხვედრა ვეტერან კალათბურთელებთან დაგეგმა, რომელიც დღეს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.
საკალათბურთო საზოგადოებასთან აღნიშნული შეხვედრები ემსახურება იმ ოპტიმალური წესდების შემუშავებას, რომლითაც ფედერაციის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. გამგეობის წევრები აპირებენ საკალათბურთო სამყაროს ყველა სრულფასოვან წევრს შეხვდნენ და ახალი წესდება მათთან შეთანხმებითა და ინტერესების გათვალისწინებით მიიღონ.
ფედერაციის გამგეობასთან შეხვედრაზე არაერთი სახელგანთქმული ვეტერანი მოვიდა. იყვნენ როგორც ძველი, ასევე შედარებით ახალი თაობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მწვავე პოლიმიკა გაიმართა რამდენიმე საკითხზე, რომელთაგან ყველაზე აქტუალური ის გახლდათ, თუ როგორ უნდა დადგინდეს არჩევნებში ხმის მქონეთა ვინაობა და რაოდენობა. ვეტერანებისგან აშკარად შეინიშნებოდა სურვილი, რომ მათი მონაწილეობა მომავალ არჩევნებში უფრო მნიშვნელოვანი გახდეს.
ვეტერანთა დახმარების ფონდს, სადაც ვეტერანთა აბსოლუტური უმრავლესობაა გაწევრიანებული, მოქმედი წესდებით არჩევნებში 1 ხმა აქვს – ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას. ვეტერანებმა სურვილი გამოთქვეს, რომ არჩევნებზე მათ წარმომადგენელ ორგანიზაციას რამდენიმე ხმა მიენიჭოს.
ვეტერანებმა ასევე შეაფასეს ეროვნული ნაკრების გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე და მათი აზრი ერთსულოვანი იყო – იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ნაკრებმა სლოვენიაში მაღალ დონეზე ითამაშა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი