დუდუ დადიანის მემორიალზე მე-3 და მე-5 ადგილები გათამაშდა
დუდუ დადიანის მემორიალზე მე-3 და მე-5 ადგილები გათამაშდა. საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გამართულ შეხვედრებში ბრინჯაოს პრიზიორი და მე-5 ადგილის მფლობელი გუნდი გამოვლინდნენ.
შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდმა “ოლიმპს” 88:68 მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო “ქუთაისმა” “რუსთავი” 103:77 დაამარცხა და ტურნირზე ბოლოსწინა – მე-5 ადგილის მფლობელი გახდა.
როგორც ანგარიშებიდან ჩანს, “შსს-აკადემიამ” და “ქუთაისმა” იოლი გამარჯვებები მოიპოვეს. ასეც იყო, მე-5 ადგილისთვის მატჩში ქუთაისელებმა საწყის 2 მატჩში განცდილი მარცხებისთვის შური რუსთაველებზე იძიეს. იმერულმა კლუბმა თავიდანვე რომ მაღალი ტემპი ირჩია, თამაშის ბოლომდე არ დაუგდია და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
ქუთაისელთა შორის 17-17 ქულა სამმა კალათბურთელმა დააგროვა – ლევან გრძელიძემ, ავთანდილ ლომინაშვილმა და გიორგი ბარბაქაძემ. 11 ქულა ჰქონდა აკაკი დვალიშვილს, ხოლო 10 ზაურ ფაშაევს.”რუსთავში” 17 ქულით ირაკლი ალხანაიძე გამოირჩა, ხოლო დავით გუგავამ პირად ანგარიშზე 13 ქულა ჩაიწერა.
მე-3 ადგილისთვის მატჩის პირველ მეოთხედში საინტერესო და თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ. “ოლიმპი” რომელიც დისკვალიფიცირებული რიჩარდ მათიაშვილისა და ასისტენტი მწვრთნელის, გიორგი მარხვაშვილის გარეშე თამაშობდა, თავიდან მედგარი წინააღმდეგობა გაუწია “შსს-აკადემიას”. მეორე პერიოდიდან აკადემიელებმა ინიციატივა მოიპოვეს, რაც ანგარიშზეც აისახა და დიდი შესვენებისთვის “შსს-აკადემია” 40:34 დაწინაურდა.
მესამე პერიოდი გარდამტეხი აღმოჩნდა. აკადემიელებმა ილია ლონდარიძისა, რევაზ როგავასა და ბექა ჩიკვილაძის წინამძღოლობით 10-წუთეული 24:14 მოიგეს და მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გადაწყვიტეს.
“შსს-აკადემიაში” 25 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა ლონდარიძემ, ხოლო ჩიკვილაძემ პირად ანგარიშზე 20 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. 11-11 ქულით დაასრულეს შეხვედრა აკაკი ლომოურმა და რევაზ როგავამ.
დუდუ დადიანის მემორიალზე ხვალ ბოლო მატჩი გაიმართება. ფინალში დადიანის თასს “სოხუმი” და “არმია” შეეცილებიან. სატიტულო მატჩი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 18:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისი – რუსთავი 103:77
შსს აკადემია – ოლიმპი 88:68
სუპერლიგის ოფიციალური საიტი