შერმადინმა და სანიკიძემ სარაგოსას ბილბაოში პირველი ტურის მატჩი მოაგებინეს
შერმადინის დებიუტი ესპანურ პრიმერადივიზიონში შთამბეჭდავი გამოდგა. 216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრმა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგის პირველ ტურში დიდებულად ითამაშა და ვიქტორ სანიკიძესთან ერთად თავის გუნდ „სარაგოსას“ სტუმრად „ბილბაო“ დაამარცხებინა –86:77.
შერმადინიც და სანიკიძეს სასტარტო ხუთეულში იყვნენ და ის, რომ „სარაგოსამ“ ესპანური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაამარცხა, ქართველების დიდი დამსახურება გახლდათ. შერმადინმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და თამაშიდან ბურთი არ აუცილებია. მან 8-დან 8 (!) ორქულიანი ჩააგდო, რასაც 6-დან 4 საჯარიმო მოაყოლა და საბოლოოდ 20 ქულა დააგროვა. ამასთან ერთად შერმადინმა ფარქვეშ კარგად იმუშავა და 7 მოხსნა მიითვალა, რასაც 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 ერთეული შეადგინა, რაც სარაგოსელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მეორე ქართველმაც ჩინებულად ითამაშა – ვიქტორ სანიკიძემ მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 29 წუთი გაატარა და სარაგოსელებს 11 ქულით, 5 მოხსნით, 2 პასით და 1 ჩაჭრით მიეხმარა. ქართველმა ფორვარდმა თავი შორი სროლებით გამოიჩინა და 5 ცდიდან 3 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 1 ორიანიც მოაყოლა.
სანიკიძეზე 1-ით მეტი (18) მარგი ქმედების კოეფიციენტი აღმოაჩნდა ამერიკელ ჯოზეფ ჯონსს, რომელმაც სარაგოსელებს 17 ქულა შესძინა, ხოლო დამარცხებულთაგან საუკეთესო ესპანეთის ნაკრების წევრი ალექს მუმბრუ გამოდგა, რომელმაც 18 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
მომდევნო ტურში, 19 ოქტომბერს, სარაგოსელები „კანარიასს“ უმასპინძლებენ, რომელმაც პირველ ტურში 76:74 დაამარცხა ბლუსენსი. ამ ტურის დარჩენილი შეხვედრები 13 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი