,,დინამომ” გამარჯვებით დაიწყო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)
მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა ერთობ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გამორჩეულად მძლავრი შემადგენლობის მყოლი გუნდების დაპირისპირებაში “დინამომ” “სოხუმი” 7 ქულის სხვაობით – 70:63 დაამარცხა.
“სოხუმმა” მიმდინარე სეზონის პირველი ტიტული – დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო, თუმცა სუპერლიგის პირველ ტურში, 19 ოქტომბერს, “ქუთაისთან” უშანსოდ წააგო. დღეს კი მეორე ტურის შეხვედრაში”დინამოს” ბოლომდე ებრძოლა, გამარჯვებასათანაც ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთებში ვერ იყოჩაღა და დამარცხდა.
,,დინამოელებს’’ გასულ სეზონთან შედარებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და “სოხუმთან” გულშემატკივართა უმეტესობის მიერ ფავორიტად მიიჩნეოდა. პირველ მეოთხედში ამ სტატუსს ამართლებდნენ დინამოელები, როცა 19:9 ლიდერობდნენ. პირველი პერიოდი ხოშტარიას გუნდმა 25:12 მოიგო, თუმცა მეორეში სოხუმელებმა თამაში გამოასწორეს – ირაკლი ჩლაიძემ და ჯერომ საიმონსმა სიზუსტეს უხშირეს, რაცშედეგზეც აისახა და დიდი შესვენებისთვის უკვე “სოხუმი” გალიდერდა – 37:36.
მეორე ტაიმის უმეტესი დრო ქულა-ქულა თამაშში გაილია. დინამოელთაგან ქიან კარტერი გამოირჩოდა, რომელიც ძირითადად პერიმეტრიდან აგდებდა, თუმცა ფარქვეშ შესვლის შანსსაც ხელიდან არ უშვებდა. საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე სოხუმელები ქულით იგებდნენ, მაგრამ შეცდომებს უხშირეს, რაც დინამოელთა კარგი დაცვის დამსახურება იყო. ბოლო წუთებზე მიხეილ ჭოჭუას, კარტერის და გიორგი გამყრელიძის შედეგიანობამ “დინამო” საიმედოდ დააწინაურა და საბოლოოდ ხოშტარიას გუნდმა 70:63 იმარჯვა.
“დინამოს” 23 ქულით კარტერმა ულიდერა, 12-12 ქულა კი სტევან მილოშევიჩმა და მიხეილ ჭოჭუამ მიითვალეს. სოხუმელებში 20 ქულით ირაკლი ჩლაიძე გამოირჩა, ჯერომ სიმონსის ანგარიშზე კი 13 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): როგორც თამაშის დაწყებამდე აღვნიშნეთ, ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ რთული თამაში იყო, ამ შემადგენლობით მხოლოდ 10 დღეა რაც ვვარჯიშობთ და დალაგებული თამაში საკმაოდ რთულია. პირველ წრეში ჩვენი კონდიციების 60%–ს მაინც უნდა მივაღწიოთ, მეორე წრიდან კი, პირდაპირ ვიტყვი, საჩემპიონო ამბიციების გუნდი ვიქნებით. მთავარ კონკურენტად ,,სოხუმს’’ მივიჩნევ. მადლობა ბიჭებს, ნამდვილი პროფესიონალები არიან. ბოლო მეოთხედში ზუსტი დაცვის წყალობით სასურველ გამარჯვებას მივაღწიეთ. მადლობას ვეტყვი ლაშასაც, ის ნამდვილი კაპიტანია. დღევანდელი შედეგი ბიჭების გამარჯვებაა.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ ღირსეულ და დამსახურებულ გამარჯვებას. ამ გუნდს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და სერიოზული ამბიციები აქვს. თუმცა წინ დიდი მარათონია, ზოგიერთი გუნდი ალბათ უფრო გაძლიერდება. წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, თუმცა ,,დინამო’’ ნამდვილად გამორჩეული ფავორიტია.
ლაშა გამყრელიძე(,,დინამო’’): პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სოხუმმა ძალიან კარგად ითამაშა, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. ვეთანხმები მწვრთნელს, ახალი შეკრებილები ვართ და შეთამაშება გვაკლია. შეცდომების მიუხედავად, ნამდვილად შეგვიძლია ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი ვიყოთ. ვულოცავ მთლიანად ,,დინამოს’’ სეზონის პირველ გამარჯვებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონი მოგებებით გაგრძელდეს.
სიმონს ჯერომე(,,სოხუმი’’): ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, ,,დინამო’’ ძლიერი გუნდია, ჩვენც ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, თუმცა სამწუხაროდ დავმარცხდით. სეზონი გრძელდება და შემდეგ თამაშებზე მაქსიმუმს გავაკეთებთ.
superleague.ge