სამოყვარულო ლიგა საინტერესოდ დაიწყო
საკალათბურთო კლუბ “დინამოს” ბაზაზე, საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საამეთა სამინისტროსა და სუპერლიგის მხარდაჭერით სტარტი აიღო კალათბურთის სამოყვარულო ლიგამ, რომელიც თავის მნიშვნელობით ისტორიულია.
არაპროფესიონალ კალათბურთელთა ასეთი ორგანიზებული და მასშტაბური ტურნირი, რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის სახე აქვს და თამაშები მთელი სეზონის მანძილზა გადაწილებული, საქართველოში პირველად ტარდება.
3 ნოემბერს, “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე 6 მატჩი ჩატარდა. მაყურებელი და ქომაგი არ აკლდა მატჩებს, რომლებშიც ვახტანგ ნაცვლიშვილი, მამუკა ტურაშვილი, ამროსი ორმოცაძე, ზურა ჩუბინიძე, ვასილ ოთიურიძე, ზაზა ცაგარეიშვილი, ბაჩო სხიერელი, გიორგი წულაია, დავით გიორგობიანი და სხვა ცნობილი ვეტერანი კალათბურთელები მონაწილეობდნენ.
პირველივე შეხვედრაში გამორჩული შედეგი დაფიქსირდა. სტუ GT Groupe-ს წარმომადგენელმა, ლევან იოსებაშვილმა VTB-ის 29 ქულა ჩაუგდო და ეს პირველი დღის საუკეთესო შედეგი იყო, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა კი მეტოქე 64:57 დაამარცხა.
ყველაზე დაძაბული და საინტერესო დღის ბოლო შეხვედრა იყო, რომელშიც ერთმანეთს “აფხაზეთი” და “ინგლისური წიგნი საქართველოში” დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 28:28 იყო, მესამე მეოთხედის ბოლოსაც თანაბარი ანგარიში (39:39) დაფიქსირდა. ბოლოსწინა წუთზეც ფრე იყო, ყველაფერი ოვერტაიმისკენ მიდიოდა, მაგრამ “აფხაზეთმა” მოახერხა ქულით დაწინაურება და ეს საფინალო სირენამდე 1,6 წამით ადრე გააკეთა.
ასეთ დროს არათუ სამოყვარულო, ნებისმიერი დონის გუნდს უჭირს თამაშის გადარჩენა. “ინგლისური წიგნის” გუნდმა წუთშესვენება აიღო, ბოლო სროლა დაგეგმა და ზუსტად შეასრულა. ბურთი გვერდითი ხაზიდან საჯარიმოს სიახლოვეს მყოფ შალვა კაკაურიძეს მიაწოდეს, რომელმაც ისე, ძირს რომ არ დაუგდია, ტყორცნა და საფინალო სირენამდე მისი მეტოქის კალათში ჩაგდება მოასწრო. “ინგლისურმა წიგნმა საქართველოში” 53:52 გაიმარჯვა და ეს დრამატული გამარჯვება დიდი ზარზეიმით აღნიშნეს გუნდის მწვრთნელმა და კალათბურთელებმა.დანარჩენ მატჩებში “სპორტ-მედიამ” იოლად დაამარცხა რადიო “კომერსანტი, ხოლო ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა “თბილისი 2015”-მა “შტურმი” არ დაინდო. “თელავის აკადემიამ” “დიდუბეს” 56:40 აჯობა, ხოლო “თელიანი ველმა” COFFEE.IN-ს 65:25 სძლია.
ბოლოს მოკლედ გათამაშების ფორმატსაც გაგაცნობთ. 17 გუნდი ერთ ჯგუფშია თავმოყრილი, რომლებიც ერთმანეთს თითოჯერ ეთამაშებიან და საუკეთესო 8 გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს. პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე, ფინალის ჩათვლით, სერია 2 მოგებამდე გაგრძელდება. სამოყვარულო ლიგის მორიგი მატჩები “დინამოს” ბაზაზე 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.
კალათბურთის სამოყვარულო ლიგა. 3 ნოემბერი. დინამოსსაწვრთნელი ბაზა
სტუ GT Grupe – VTB 64:57
GT Grupe: იოსებაშვილი (29)
VTB: გემაზაშვილი (21ქულა,15 მოხსნა)
თელიანი ველი – COFFEE.IN 65:25
თელიანი ველი: შანიძე (17), სუხიშვილი (12)
COFFEE.IN: დოლბაია (11)
თელავის აკადემია – დიდუბე 56:40
თელავის აკადემია: პაპუნაშვილი (12), ჩაველაშვილი (11), ლომიაშვილი (11)
დიდუბე: გურაბანიძე (11)
თბილისის 2015 – შტურმი 90:37
თბილისის 2015: გ. ნაცვლიშვილი (16), ტურაშვილი (14)
შტურმი: გასიტაშვილი (15), წერეთელი (10)
კომერსანტი – სპორტ მედია 38:55
კომერსანტი: მეფარიშვილი (18)
სპორტ მედია: ფრანგიშვილი (11), მგალობლიშვილი (10), ღონღაძე (10)
ინგლისური წიგნი საქართველოში – აფხაზეთი 53:52
ინგლისური წიგნი საქართველოში: ივანეიშვილი (16), დეკანოიძე (14)
აფხაზეთი: ქარუმიძე (13), არველაძე (12)
GBF.GE