ცინცაძის 11 წუთი და გამარჯვება კრასნოიარსკში
გიორგი ცინცაძის “დონეცკი” ვითიბი ლიგაში კრასნოიარსკის “ენისეის” შეხვდა და 92:84 დაამარცხა. ქართველი გამთამაშებელი ამ რუსულ გუნდში 2 წლის წინ ირიცხებოდა, თუმცა რუსეთის ვიზა ვერ მიიღო და კარიერის სხვაგან გაგრძელება მოუხდა.
მატჩის გადამწყვეტ მომენტში მთავარი მწვრთნელი გიორგი ცინცაძეს არ ენდო. ქართველმა გამთამაშებელმა სულ 11 წუთი ითამაშა და მისი მონაგარი ასეთი იყო: 4 ქულა, თითო ჩაჭრა-პასი. მატჩის ბომბარდირი “დონეცკის” უკანახაზელი ბერნარდ კინგი გახდა – 23 ქულა ჩააგდო.
“ენისეის” შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილმა გამთამაშებელმა კორი ფიშერმა. მან შეხვედრა 15 ქულითა და 4 პასით დაასრულა.
ვითიბი ლიგაზე “დონეცკს” 4 მოგება, 1 წაგება აქვს და A ჯგუფის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. დონეცკელები მხოლოდ ყაზანის “უნიქსს” ჩამორჩებიან, რომელსაც 5 მოგება აქვს.
GBF.GE