ქართველების წარმატებული ტური ესპანურ პრიმერადივიზიონში
ესპანეთის პრიმერადივიზიონში გამარჯვებები მოიპოვეს ქართველების გუნდებმა. გიორგი შერმადინმა და ვიქტორ სანიკიძემ “სარაგოსას” შემადგენლობაში გამორჩეულად ითამაშეს და თავიანთი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს.
“სარაგოსამ” “ხუვენტუდს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 87:83 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ არაგონული გუნდი 16 ქულით იგებდა, თუმცა სტუმრებმა მესამე პერიოდში 22:9 იმარჯვეს და თამაშს ინტრიგა დაუბრუნეს. გადამწყვეტმა მეოთხედმა ბრძოლაში ჩაიარა და საბოლოოდ სარაგოსელებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
არაგონელთა შორის საუკეთესო ვიქტორ სანიკიძე გახდა, რომელსაც საამისოდ მხოლოდ 19 წუთი დასჭირდა. სანიკიძე სასტარტო ხუთულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გასულმა სარაგოსელებს უდიდესი დახმარება გაუწია – 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ვიქტორმა 6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
სასტრტოში იყო, თუმცა სანიკიძეს მსგავსად 19 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 12 ქულა მოაგროვა და ამასთან ერთად 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტით შერმადინი “სარაგოსაში” მე-3 იყო ჯონათან ტაბუს შემდეგ, საუკეთსო კი, როგორც ვთქვით. სანიკიძე გახდა.
ზედიზედ მე-4 გამარჯვება მიითვალა ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”. სევილიელები“გრან კანარიას” ესტუმრნენ დამეტოქე, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი მარცხი გააჩნდა,მოულოდნელი მარცხი აგემეს – 68:58.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 07:43 წუთი გაატარა დაგუნდს 2 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ბურჯანაძემ 2-დან 1ორქულიანი ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა, ამასთან, მისწინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.
ორივე “ქართულ გუნდს” 4 მოგება და 3 მარცხი აქვს – “სარაგოსა” მე-5 ადგილზეა, “კახასოლი” კი – მე-6-ზე. მე-8 ტურში, 30 ნოემბერს, “კახასოლი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს, ხოლო “სარაგოსა” 1 დეკემბერს მეორე ესპანურ გრანდ “ბარსელონას” ესტუმრება.
GBF.GE