,,სოხუმი’’ ლიდერს ბოლომდე გაუძალიანდა (20-წლამდელთა მორიგი შეხვედრები)
დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 თამაში გაიმართა. პირველ მატჩში ერთმანეთს ცხრილის თავ-ბოლოში მყოფი გუნდები – გათამაშების ლიდერი “შსს-აკადემია” და აუტსაიდერი “სოხუმი” შეხვდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სოხუმელებს მიმდინარე ჩემპიონაში ექვსივე მატჩი ჰქონდათ წაგებული, ხოლო აკადემიელებს ამდენი მოგებული, მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. პირველი მეოთხედის 17:24 წაგების შემდეგ სოხუმელებმა მეორე პერიოდი 28:15 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 45:39 დაწინაურდნენ.
სოხუმელებს გურამ კენჭიაშვილი და შოთა გოლეთიანი წინამძღოლობდნენ, თუმცა მესამე პერიოდში “შსს-აკდემიამ” თამაშზე კონტროლი დაამყარა და ჯერ ანგარიში გააბათილა, გადამწყვეტი პერიოდის წინ დაწინაურდა კიდეც – 66:62.
ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც აკადემიელებმა დაძაბულ ბრძოლაში – 22:19 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მათ დარჩათ – 88:81. შსს-ელებს 32 ქულითა და 19 მოხსნით შოთა გელაზონიამ ულიდერა, 21 ქულა კი ანგარიშზე ლევან ლოლიშვილმა ჩაიწერა. “სოხუმში” 34 ქულა ჰქონდა გურამ კენჭიაშვილს, ხოლო გოლეთაინმა 17ქულა დააგროვა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველი თამაში ამ გუნდთან ძალიან დიდი სხვაობით წავაგეთ, დღეს კი ბევრი რამე გვქონდა გამოსწორებული. ,,შსს აკადემია’’ ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაკომპლექტებული და შეთამაშებული გუნდია, საკმაოდ საინტერესო თამაში იყო და მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. შანსები ნამდვილად გვქონდა, ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ შეგვიძლია კარგი თამაში, თუმცა ფარი წავაგეთ და ამან განაპირობა ჩვენი მარცხი.
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ, ძალიან უკმაყოფილო ვარ. ასეთი ცუდი თამაში ჯერ არ ჩაგვიტარებია, განსაკუთრებით სუსტად დაცვაში ვიასპარეზეთ. იმედია, ეს ხარვეზები დროებითია და მათ გამოსწორებას მოვახერხებთ.
მეორე შეხვედრაში “აკადემიამ” “რუსთავს” 55:42 მოუგო. გელა წულაძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ აკადემიელებს გამარჯვების მოპოვება გაუჭირდათ,რადგან ქვემოქართლელები ბოლომდე იბრძოდნენ და გადამწყვეტ მეოთხედამდე გამარჯვების შანსს ინარჩუნებდნენ.
ბოლო პერიოდი “აკადემიის” 6-ქულიანი ლიდერობით დაიწყო. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, რომელიც უკეთესად აკადემიელებმა ჩაატარეს და გამარჯვებას დაეპატრონნენ -55:42. “აკადემიაში” 10-10 ქულით საუკეთესონი ნიკა ღურწკაია და ნიკა ამირხანაშვილი იყვნენ. რუსთაველთაგან კი 14 ქულით თორნიკე ხატიაშვილი გამოირჩა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): უკმაყოფილო ვარ დღევანდელი თამაშით, ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ, თუმცა უფროსი ასაკის მოთამაშეების და გამოცდილების ხარჯზე მაინც გავიმარჯვეთ.
ირაკლი ჯაფარიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, უამრავი ხარვეზი გვაქვს და მათ გამოსასწორებლად ბევრი უნდა ვიმუშაოთ. დღევანდელი წაგება კიდევ ერთი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის.