სტამბოლში დამარცხებულ “სარაგოსას” ქართველებმა ულიდერეს
ევროთსის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ქართველი ლეგიონერებით გაძლიერებული ესპანური “სარაგოსა” თურქეთში, “ბეშიქთაშთან” დამარცხდა. პირველ ტაიმში სარაგოსელები ყოჩაღად გამოიყურებოდნენ და ლიდერობდნენ კიდეც, თუმცა მატჩის მეორე ნხევარში მასპინძლებმა იძალეს და გამარჯვება სტამბოლელებს დარჩათ – 70:63.
როგორც წესი, ქართველი კალათბურთელები გუნდში მოწინავე პოზიციაზე იყვნენ. ორივე მათგანი სასტარტო ხუთეულში იყო, ვიქტორ სანიკიძემ კი სარაგოსელთაგან საუკეთსო შედეგი დააფიქსირა. ვიკამ 28 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართელმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. სანიკიძეს გუნდში მარგი ქმედების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (18) ჰქონდა.
აღნიშნული კოეფიციენტით “სარაგოსაში” მეორე გიორგი შერმადინი (14) იყო, რომელმაც 25 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. “სარაგოსაში” ბომბარდირი დამიან რუდეჟი გახდა 14 ქულით, რომელსაც შერმადინზე ერთით ნაკლები (13) მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.
2 წაგებით “სარაგოსა” 4-გუნდიან P ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მორიგ ტურში, 21 იანვარს, ქართველების გუნდი თითო მოგებ-წაგების მქონე “რიეტუვოს რიტასს” უმასპინძლებს.