სუპერლიგის მზარდი არბიტრი და ფიბა-ს კომისრის შეფასება
საქართველო მსაჯების სიმრავლით განებივრებული ნამდვილად არ არის, თუმცა 5 მათგანი ფიბა-ს ლიცენზიის მქონეა, რომლებსაც სისტემატიურად უწევთ საერთაშორისო ასპარეზზე მსაჯობა. მათ რიცხვს მომავალში სავარაუდოდ კიდევ ერთი არბირტი – მიხეილ ვართანოვი შეემატება, რომელიც 22 წლის დღეს გახდა, თუმცა საქართველოს სუპერლიგაში მსაჯობის საკმარისი გამოცდილება აქვს. ვართანოვი თებერვლის დასაწყისში თურქეთის ქალაქ საქარიაში 16-წამდელთა საერთაშორისო ტურნირზე იმყოფებოდა, რომელშიც 15 ნაკრებთან ერთად საქართველოც მონაწილეობდა. აღნიშნულ ტურნირზე ფიბა-ევროპამ სხვადასხვა ქვეყნებიდან მიიწვია ახალგაზრდა ეროვნული კატეგორიის მსაჯები, რომელთაც აქვთ სამომავლოდ ფიბა-ს არბიტრობის პოტენციალი. როგორ გაემგზავრა თურქეთში და რა გამოცდილება მიიღო საერთაშორისო ტურნირზე – გვესაუბრება მიხეილ ვართანოვი.
– თურქულ ტურნირზე გამგზავრება ვისი ინიციატივით მოხდა?
– როგორც იცით, თურქულ ტურნირზე საქართველოც ასპარეზობდა და როგორც წესი, თითოეული მონაწილე ქვეყნიდან პერსპექტიული მსაჯები იყვნენ მიწვეულნი. ჩემი ხელმძღვანელებისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით, აღნიშნულ ტურნირზე გამგზავრება მოვახერხე.
– როგორი იყო თურქეთში მსაჯების განრიგი?
– დილით, 9 საათზე იწყებოდა სემინარები, რომელიც 11-ის ნახევრამდე გრძელდებოდა. შემდეგ იყო 15-წუთიანი შესვენება და უკვე პრაქტიკულ საქმიანობაზე გადავდიოდით და განვიხილავდით კონკრეტულ თემას, მაგალითად, მსაჯთა სამკაციანი ბრიგადის მექანიკას.
– რა დონის არბიტრები იყვნენ, ვისთან ერთად გიწევდა მსაჯობა?
– საკმაოდ გამოცდილი მსაჯები იყვნენ, რომელთა საშუალო ასაკი 30 წელი იყო. ყველაზე ახალგაზრდა მე ვიყავი.
– რამდენი მატჩი იმსაჯე და რამდენად კმაყოფილი ხარ?
– 6 მატჩს მოვემსახურე და მთლიანობაში უკმაყოფილო არ ვარ, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ საკუთარ თავზე ბევრი მაქვს სამუშაო.
– ვიცით, რომ ფიბა-ს ლიცენზიის მიღება გსურს. რას აკეთებ საიმისოდ, რომ გახდე ფიბა-ს მსაჯი?
– საკუთარ თავზე ვმუშაობ, ვესწრები საქართველოში გამართულ სემინარებს და თუკი უცხოეთში წასვლის შანსია, ვიყენებ. თურქეთში მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდები, კიდევ უფრო მეტი ვისწავლო და როგორც მსაჯი, დავიხვეწო.
– რატომ გადაწყვიტე ადრიან ასაკში მსაჯობის დაწყება?
– კალათბურთი ძალიან მიყვარს და ბავშვობიდან ვთამაშობ. თუმცა კარიერა 20-წლამდელთა ჩემპიონატში დავასრულე, ჯანმრთელობის და სხვდასხვა მიზეზების გამო. ჩემი მწვრთნელი და მეგობარი დავით ბერიშვილი, ასევე “მაკაბის” მწვრთნელი ალექსანდრე ფერიაშვილი რჩვას მაძლევდნენ, რომ დავრჩნილიყავი კალათბურთში, როგორც მსაჯი. ქუთაისში გვქნდა თამაში და იქ გავიცანი ვეტერანი კალათბურთელი, ბატონი ანტონ კაზანჯიანი, რომელთან გასაუბრების შემდეგ, 2 თვეში დავიწყე მსაჯობა და მას შემდეგ ვემსახურები ქართულ კალათბურთს. ასევე დიდი მადლობა ჩემს ინსტრუქტორ მაკა კუპატაძეს, რომელმაც დიდი გამოცდილება გამიზიარა და დღემდე მეხმარება.
– გაიხსენე შენი პირველი სუპერლიგის მატჩი. ხომ არ ნერვიულობდი და როგორ იმსაჯე?
– მსაჯობის დაწყებიდან 5 თვეში ახალი სეზონი იწყებოდა და სუპერლიგის თამაშზე დამნიშნეს. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი, დრო დაჭირდა ყველაფერს, მაგრამ ჩემი კოლეგების დახმარებით ეს ბარიერი გადავლახე.
– თავიდან ალბათ არაერთი პრობლემა შეგხვდა და ამის გამო მსაჯობისთვის თავის დანებება ხომ არ გიფიქრია?
– მსაჯობა რომ გადავწყვიტე, ვიცოდი, რა საქმესაც ვკიდებდი ხელს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მქონდა, ამ პროფესიის ბოლომდე შესწავლა და საკუთარი თავის განვითარება. მსაჯობისთვის თავის დანებებაზე არასდროს მიფიქრია და არც ვიფიქრებ.
– როგორ შეაფასებ საქართელოში მსაჯების მიმართ მოთამაშეების, გულშემატკივრების დამოკიდებულებას?
– მესამე წელია, ვმსაჯობ და მოთამაშეების ცუდი დამოკიდებულება არ მინახავს. ეს სპორტია, სადაც აზარტი და დაძაბულობა ჩვეულებრივი ამბავია და ბუნებრივია, ასეთ დროს პრეტენზიებიც არის ცხელ გულზე. უბრალოდ, საჭიროა, საურთიერთო ენის გამონახვა. გულშემატკივრებს რაც შეეხებათ, ყოველთვის იქნება კმაყოფილი და უკმაყოფილო, ერთი გუნდი იგებს, მეორე აგებს, ეს ლოგიკურია.
– რას გეგმავ მომავალში, რომ სამსაჯო დონე აიმაღლო?
– ფიბა-ს მსაჯებზე ასაკობრივი ცენზი აქვს დაწესებული. შესაბამისად, ზუსტად 3 წელი მაქვს დრო ფიბა-ს გამოცდებამდე და ვეცდები, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო, საკუთარ თავზე ვიმუშაო და არ გამოვაკლდე არც ერთ სამსაჯო სემინარს, რომელზე დასწრების შანსიც მომეცემა. გასულ წელს საქართველოში ჩამოსული იყო ფიბა-ს მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიჩარდ სტოკსი, რომელმაც ძალიან სასარგებლო, 3-დღიანი სემინარი ჩაგვიტარა. იგივე სემინარი თბილისში წელსაც ჩატარდება და ეს ჩემთვის და ზოგადად ქართველი მსაჯებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ფიბა-ევროპის ეროვნული კატეგორიის არბიტრების სემინარის დასკვნით ფაზას დაესწრო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფიბა-სთან და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის დირექტორი, ფიბა-ს კომისარი მერაბ რატიშვილი:
– ფიბა-ს მიწვევით სემინარის და ტურნირის დასკვნით ეტაპს დავესწარი და ფიბა-ს ინსტრუქტორების ასისტენტის სტატუსით მონაწილეობა მივიღე აღნიშნული სემინარის მუშაობაში…
– წლეულს ფიბა-ევროპამ თავის ეგიდით პირველად გამართა სემინარი ეროვნული კატეგორიის არბიტრებისთვის, რაც მისასალმებელი მოვლენაა. მსაჯები ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ფიბა-ს გამოცდილი და უმაღლესი კლასის ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ და მათი მითითებით ხვეწდნენ ბევრ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სამსაჯო ელემენტს…
– შემიძლია, ვთქვა, რომ ამ ეტაპზე მე კმაყოფილი ვარ მიხეილ ვართანოვის მომზადების დონით და, რაც ყველაზე მთავარია, მისი საქმისადმი დამოკიდებულებით. ძალიან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მიშა სწორი მიმართულებით პროგრესირებს. ამ სემინარზე მან მაქსიმალურად გაითვალისწინა ინსტრუქტორთა შენიშვნები და რეკომენდაციები, იყო აქტიური მატჩისშემდგომ დისკუსიებზეც.
– ვართანოვს კიდევ წინ აქვს 3 წელიწადი, სანამ მოუწევს ფიბა-ს არბიტრობაზე გამოცდის ჩაბარება (მსაჯს 25 წლის ასაკამდე არ აქვს უფლება გახდეს ფიბა-ს არბიტრი). მას ბევრი აქვს სასწავლი, მოუწევს მძიმე შრომა, თუმცა, თუკი მან შეინარჩუნა ახლანდელი განვითარების და პროგრესის დონე, დარწმუნებული ვარ, ფიბა-ს არბიტრობის გამოცდებს იგი სრულიად მომზადებული შეხვდება. ამისთვის, კიდევ ვიმეორებ, საჭიროა ყოველდღიური შრომა და უწყვეტი განვითარება.
– ფიბა-ევროპა მომვალშიც გეგმავს მზარდი ეროვნული კატეგორიის არბიტრების სემინარებს. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ქართველ მსაჯებს მუდმივად ექნებათ საერთაშორისო დონეზე სწავლის და გამოცდილების მიღების საშუალება. მთავარია მათი სურვილი და მონდომება, ხოლო დანარჩენი, ფიბა-ევროპის ერთ-ერთი სლოგანისა არ იყოს: “თქვენ გვაჩვენეთ მსაჯობის სურვილი, ხოლო კარგ მსაჯობას ჩვენ გასწავლით”.
GBF.GE