შენგელიამ “ჩიკაგოს”შემადგენლობაში ნიუ იორკში 3 წუთი ითამაშა
“ჩიკაგო ბულსი”, რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს, აღმასვლას განაგრძობს. ჩიკაგოელებმა მორიგ მატჩში სტუმრად “ნიუ იორკი” არ დაინდეს და 109:90 გაანადგურეს.
ქართველმა ფორვარდმა მატჩის უკანასკნელი 3:08 წუთი ითამაშა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, როცა მატჩის ბომბარდირ დიჯეი აუგუსტინს პერიმეტრზე უპასა და ამ უკანასკნელმა ზუსტი 3-ქულიანით თავისი საბოლოო მონაგარი – 23 ქულა დააფიქსირა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ფრანგ-ამერიკელი ჟოაკიმ ნოა გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა – 13 ქულა, 12 მოხსნა, 14 პასი. ჯიმი ბატლერმა 19 ქულა დააგროვა, კარლოს ბუზერმა – 14.
ჩიკაგოელებისთვის ეს გახლდათ ბოლო 10 მატჩიდან მე-9 მოგება, რის შემდეგაც “ხარებმა” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს. მათ მთლიანობაში 33 მოგება და 26 წაგება აქვთ. მომდევნო თამაში შენგელიას თავის ყოფილ გუნდ “ბრუკლინთან”, ჩვენი დროით, 4 მარტის გამთენიისას ელის.
gbf.ge