შსს-აკადემიამ ქუთაისში გამარჯვება იზეიმა
შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდი პროგრესს განაგრძობს. არჩილ ჟღენტის გუნდმა ქუთაისში გამარჯვებით სერიოზული განაცხადი გააკეთა. ქალაქში, სადაც სუპერლიგის პირველ წრეში ლიდერი “დინამო” დამარცხდა, აკადემიელებმა დღეს გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტური ქუთაისში საინტერესო მატჩით დაიწყო. იმერულმა კლუბმა, რომელსაც “შსს-აკადემიასთან” შეხვედრამდე მხოლოდ 3 დამარცხება ჰქონდა, “შსს-აკადემიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 78:81 დამარცხდა.
განსაკუთრებით გამოსარჩევია აკადემიელთა გამარჯვება, რადგან მათ შეხვედრის ბოლო მეოთხედში სოლიდური უპირატესობა გაფლანდეს და ჩამორჩნენ კიდეც, მაგრამ არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა გადამწყვეტ წუთებში უდიდესი ბრძოლისუნარიანობა და შეუპოვრობა გამოავლინა, რისი წყალობითაც გაიმარჯვა კიდეც.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ლევან ფაცაციას დამატებით “შსს-აკადემია” მნიშვნელოვნად გაძლიერდა, თუმცა დღევანდელ მატჩში მას არ უთამაშია, განაცხადში კი იმყოფებოდა. თითქმის მთლიანად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც აკადემიელთა სასარგებლოდ – 45:44 დასრულდა, თბილისელებმა მოახერხეს თამაშზე კონტროლის დაწესება.
მილე ილიჩის, ბექა ჩიკვილაძის, პერიშ ბრაუნისა და ილია ლონდარიძის შედეგიანობით “შსს-აკადემიამ” მესამე მეოთხედი 23:14 მოგო და ბოლო ათწუთეულის წინ 10 ქულით დაწინაურდა – 68:58. მასპინძლები წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ, თუმცა უკანასკნელი პერიოდი შედეგიანი თამაშით გახსნეს და ზუსტად 5 წუთში დაწინაურება მოახერხეს. ზაურ ფაშაევის, გიორგი ბარბაქაძისა და აკაკი დვალიშვილის ქულებით თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე “ქუთაისი” 71:70 გალიდერდა.
შსს-აკადემიელებმა მობილიზება შეძლეს და დარჩენილ დროში ხელახლა მოუწიათ ყველაფრის ნულიდან დაწყება. თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა, ანგარიში არაერთხელ გათანაბრდა და ლიდერიც შეიცვალა. ლონდარიძემ უმნიშვნელოვანესი 4 ქულა მიითვალა, ხოლო საფინალო სირენამდე 1,15 წუთით ადრე მერაბ ბოქოლიშვილის ბურთმა სტუმრები 80:78 დააწინაურა. მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე ზაურ ფაშაევს გათანაბრების რეალური შანსი მიეცა, მაგრამ აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ორივე საჯარიმო ააცილა.
ქუთაისელებს მაინც მიეცათ თამაშის გადარჩენის შანსი, როცა აკადემიელებმა ბურთი დაკარგეს, თუმცა გოგა ცეკვავას სამქულიანი თბილისელთა კალათში არ ჩაეშვა და მატჩის ბედიც გაირკვა. საბოლოო ანგარიში აკადემიელთა ამერიკელმა ლეგიონერმა – პერიშ ბრაუნმა საჯარიმოდან დააფიქსირა – 81:78.
“შსს-აკადემიაში” საუკეთესო შედეგი ბექა ჩიკვილაძეს ჰქონდა, რომელმაც 21 ქულითა და 7 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა და ამდენივე მოხსნა ჰქონდა მილე ილიჩს, ხოლო პერიშის ანგარიშზეც 15 ქულა დაგროვდა. ილია ლონდარიძემ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. მასპინძელთაგან 23 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით ზაურ ფაშაევი გამოირჩა, 16 ქულა და 9 პასი ცეკვავამ მიითვალა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა შეხვედრა 15 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
არჩილ ჟღენტი(შსს აკადემიას მთავარი მწვრთნელი): როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა საბედნიეროდ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში და სწორედ დაცვის ხარჯზე გავიმარჯვეთ. მადლობა მთლიანად ჩემს გუნდს და ასისტენტებს – გიორგი ნიკოლაძეს და დავით არეშიძეს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და კვლავ ერთად განვაგრძობთ გუნდის პროგრესირებას.
მედეა მხეიძე (ქუთაისის მწვრთნელი): დღეს ქუთაისი ქუთაისი არ იყო. სამწუხაროდ ჩვენი გუნდი ვერ გამოვიდა საქართველოს თასის ფინალური საგზურის მოპოვების ეიფორიიდან. დღევანდელ მატჩზე ბიჭებს არანაირი ფსიქოლოგიური მზადყოფნა და მობილიზება არ გამოუვლენიათ. მხოლოდ ბოლო 10 წუთში გამოვფხიზლდით, თუმცა უკვე გვიანი აღმოჩნდა. როგორც ყოველთვის მაყურებელი ყველანაირად გვერდში დაგვიდგა, აქტიურად ვქომაგობდა და ამ ყველაფერმა ბიჭებზეც იმოქმედა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქე 10 ქულით გვისწრებდა და ჩვენი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. ქუთაისმა დღეს ყველა კომპონენტში წააგო. შსს აკადემიამ კი მთელი თამაში სტაბილურად იასპარეზა და ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა. მივულოცავ აკადემიას ამ წარმატებას და ვიტყვი რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მიმდინარე სუპერლიგაში.
superleague.ge