საკალათბურთო ნაკრების სპონსორი კვლავ “ჰიუნდაი” იქნება
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ და საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციასთან თანამშრომლობა გაახანგრძლივეს. „ჰიუნდაი“ საქართელოს ეროვნული ნაკრების სპონსორი იყო და ახალი მემორანდუმის თანახმად ამ სტატუსს კიდევ ორი წლით შეინარჩუნებს.
აღნიშნული მემორანდუმი, დღეს “ჰიუნდაის” ცენტრში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და “ჰიუნდაის” გენერალურმა დირექტორმა, დავით გიორგობიანმა გააფორმეს.
დავით გიორგობიანი: 2009 წლიდან ვართ საქართველოს ნაკრების სპონსორები. ვთვლით, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იყო. ნაკრები ამ პერიოდში ორჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რაც ძალიან კარგი შედეგია. იმედია, მომავალში უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ.
თანამშრომლობა გარკვეული თანხის გადარიცხვით გამოიხატება, რომლის დასახელებისგან თავს შევიკავებ.
მიხეილ გაბრიჩიძე: ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. იმედია თანამშრომლობა კვლავ წარმატებული იქნება და ჩვენ მომავალშიც გავახარებთ ყველას ნაკრების კარგი შედეგებით.
მთელი ქვეყნის მასშტაბით საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, ყურადღებას სჭირდება ბავშვთა კალათბურთში მოასპარეზე ნიჭიერ ახალგაზრდებს და მწვრთნელებს. კალათბურთის პოპულარიზაციისთვის აუცილებელია განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მიხეილ გაბრიძემ დავით გიორგობიანს საქართველოს ნაკრების 8-ნომრიანი მაისური გადასცა საჩუქრად.