მე-6 ტური სოხუმის გამარჯვებით დასრულდა
სუპერლიგის მე-2 წრის მე-6 ტური “სოხუმისა” და “მაკაბის” მატჩით დასრულდა. შეხვედრაში დაცვა არ იყო, ორივე გუნდი შეტევაზე იყო ორიენტირებული და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა – 120:105.
“მაკაბი” სუპერლიგის ისეთი აუტსაიდერია, რომ გუნდის ხელმძღვანელობა მოგებაზე ვერ ფიქრობს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მაკაბელთა მწვრთნელმა მიხეილ ხუხაშვილმა განაცხადა, რომ წავაგებთ, მაგრამ საკითხავია, რამდენი ქულითო. 15 ქულით წააგეს და ისე, რომ შედეგით კმაყოფილნი დარჩნენ.
ერთბაშად სამმა მაკაბელმა მიაღწია 20-ქულიან ზღვრამდე. გიორგი ფერიაშვილმა 29 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი ტეტელაშვილს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა – 25 ქულა, 15 მოხსნა, 8 პასი. 17 წლის მაიზერ რევაზაშვილმა მაკაბელებს 20 ქულა მიაშველა, მისმა უფროსმა ძმა გიორგიმ კი ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 15 მოხსნა.
რაც შეეხებათ სოხუმელებს, მათ მწვრთნელმა სათამაშო დრო თანაბრად გადაუნაწილა. გუნდის ერთადერთმა ლეგიონერმა, ჯერემი საიმონსმა 25 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა, მის კვალზე კი კიდევ 5 მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს. აღსანიშნავია, რომ სოხუმელებმა მთლიანობაში 15 სამქულიანი ჩააგდეს, თუმცა საკმაოდ ბევრიც ისროლეს – 55.
სუპერლიგის მორიგი ტური 22 მარტს, სპორტკომპლექს “არენაზე” გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
მიხეილ ხუხაშვილი („მაქაბის“ მწვრთნელი): სხვა მატჩებთან შედარებით დღევანდელი თამაში ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა და შედეგიანი რეზულტატიც დაიდო. გიორგი ტეტელაშვილს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა, მაიზერ რევაზაშვილმა ორმაგი დუბლი მიითვალა, სოხუმთან 20 ქულა ჩააგდო და ეს მისთვის დიდი შედეგია, რადგან „სოხუმს“ ძალიან ძლიერი კალათბურთელები ჰყავს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „სოხუმი“ აუცილებელია საქართველოს ჩემპიონატისთვის. მადლობა ვაჟას კავარცხელიას, რომელსაც მის არსებობაში დიდი წვლილი მიუძღვის.
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): მადლობა მაქაბის გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის. მას ნამდვილად პერსპექტიული მოთამაშეები ეზრდება. მისი აღზრდილი გიორგი შერმადინი ევროლიგაში თამაშობს და დარწმუნებული ვარ ფერიაშვილსაც და რევაზაშვილსაც ვიხილავთ ევროლიგაში.
ჯერემი საიმონსი (სოხუმი): სანახაობრივი მატჩი შედგა, მადლობა მაქაბის გუნდს, რომელსაც ძალიან კარგი ახალგაზრდა კალათბურთელები ჰყავს. წინა შეხვედრაზე არ ვიასპარეზეთ და სასიხარულოა რომ დღეს იოლი გამარჯვების მოპოვება შევძელით.