ქართველების თანამონაწილეობით “ოლიმპიაკოსმა” და “გალათასარაიმ” ევროლიგაში იმარჯვეს
ქართველი კალათბურთელების გუნდებს ევროლიგაში წარმატებული დღე ჰქონდათ: გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსმაც” იმარჯვა და მანუჩრ მარკოიშვილის “გალათასარაიმაც”, რითაც პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლმა ამ გუნდებმა მიზნისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგეს.
“გალათსარაიმ” უშუალო კონკურენტ მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლა და 76:69 სძლია. გერმანული კლუბი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და ბოლო წუთებამდე არ ტყდებოდა, თუმცა სტამბოლელთა მონდომების ხარჯზე “გალათასარაიმ” მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და სატურნირო პოზიცია გაიუმჯობესა.
ქართველმა ლეგიონერმა, რომელმაც თითქმის 5 თვე ტრავმის გამო გამოტოვა და სტამბოლელებს მხოლოდ წინა საევროლიგო მატჩში დაუბრუნდა, სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 19:38 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 4-დან 2-ქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 5 ქულასთან ერთად მანუჩარმა 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
სტამბოლელთა შორის საუკეთესო შედეგიანობა პოპს მენსა-ბონსუმ აჩვენა, რომელმაც 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ბომბარდირი კი ბებერი პუერტორიკოელი კარლოს აროიო გახდა 16 ქულით. ბავარიელთაგან საუკეთესო 16 ქულის მომგროვებელი მარკუს დილეინი გახდა, ჯონ ბრაიანტის ანგარიშზეკი 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
5 მოგებითა და 6 მარცხით “გალათასარაი” Fჯგუფში “ბაიერნს” და ყუბანის “ლოკომოტივს” წამოეწია და ამ გუნდებთან IV-VI ადგილებს იყოფს. მოგებ-წაგებების ანალოგიური ბალანსი გაუხდა გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსსაც”, რომელმაც ესპანური “ლაბორალ კუტხა” 40 ქულით – 89:59 გაანადგურა.
შერმადინმა 17:21 წუთი ითამაშა და თავი საკმაოდ შედეგიანად წარმოაჩინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 ორქულიანი და 4-დან3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულასთან ერთად 6 მოხსნაც მიითვალა. პირეოსელთაგან ყველაზე მეტი – 16 ქულა მეთიუ ლოიესკიმ დააგროვა, ვასილის სპანულისს 14 ქულა ჰქონდა, იანის პაპაპეტრუმ კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.
5 მოგებით და 6 მარცხით “ოლიმპიაკოსი” Eჯგუფში “ფენერბაჰჩესთან” და “უნიკახასთან”IV-VI ადგილებს იყოფს, მეოთხედფინალში კი თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო გავა. მომდევნო ტურში, 27 მარტს “ოლიმპიაკოსი” სტუმრად “უნიკახას” ხვდება და ამ მატჩზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მარკოიშვილის “გალათასარაი” კი 28 მარტს კაუნასში “ჟალგირისს” დაუპირისპირდება.
GBF.GE