შეხვედრა საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ კრიზისიდან გამოსაყვანად (VIDEO)
25 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საკალათბურთო კლუბ „სოხუმის” კრიზისიდან გამოყვანასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სამინისტროს მხრიდან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი და მოადგილე თამაზ თევზაძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტი – მიხეილ გაბრიჩიძე, გენერალური მდივანი, გიორგი ქართველიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი – კახა შენგელია დაესწრნენ, „სოხუმის” მხარეს კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია, ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი ლიკა ქაჯაია, გუნდის მოთამაშეები – რატი ბააკაშვილი და გრიგოლ შვანგირაძე, ასევე გუნდის ფინანსური მენეჯერი – ალექსანდრე დოლიძე წარმოადგენდნენ.
შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს საკალათბურთო „სუპერლიგის” ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის კრიზისიდან გამოყვანის გზებსა და შესაძლებლობებზე.
„სოხუმი” დაშლის პირასაა – მოთამაშეებს და პერსონალს 8 თვეა, ხელფასი არ მიუღიათ და შესაძლოა, გუნდმა, რომელიც საქართველოს თასის ფინალშია გასული, არსებობა შეწყვიტოს. აღსანიშნავია, რომ „სოხუმელებმა” მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ტურნირზე კი ფინალში იასპარეზეს.
შეხვედრაზე გადაწყდა რომ პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოგვარდეს და პირველ რიგში „სოხუმისთვის” მიმდინარე პერიოდში არსებული ხარვეზები გამოსწორდეს, რათა გუნდმა სეზონის ბოლომდე შეძლოს საქართველოს “სუპერლიგაში” თამაში.
ასევე გადაწყდა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გუნდს საქართველოს თასის ფინალისათვის შეკრებას დაუფინანსებს. 29 მარტს, საქართველოს თასის ფინალში „სოხუმი” ქუთაისს” დაუპირისპირდება, გუნდს წინ ელის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ტურის და პლეი ოფის მატჩები.
GBF.GE