ფიბა-ევროპის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თბილისში სამდღიან სემინარს ჩაატარებს
ფიბა-ევროპის სამსაჯო და საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსი რიჩარდ სტოკსი 27-29 მარტს თბილისში სემინარებს ჩაატარებს. სტოკსის კომბინირებული სემინარები განკუთვნილი იქნება საქართველოს კალათბურთის მსაჯებისთვის, კომისრებისთვის, მსაჯ-მდივნებისა და მწვრთნელებისთვის. სემინარებს დაესწრებიან ასევე მწვრთნელები აზერბაიჯანიდან.
27 მარტს რიჩარდ სტოკსი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თამაზ თევზაძეს შეხვდება. 28 მარტს, როგორც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ტექნიკური დელეგატი, სტოკსი საქართელოს ოლიმპიური კომიტეტისა და “თბილისი 2015”-ის ხელმძღვანელებს შეხვდება და ინსპექტირებას ჩაუტარებს ფესტივალისთვის განკუთვნილ საკალათბურთო არენებს.
27 და 28 მარტს რიჩარდ სტოკსი სასტუმრო “შერატონში”, 17 საათიდან თეორიულ სემინარებს გამართავს მსაჯებისთვის, კომისრებისთვის, მსაჯ-მდივნებისა და მწვრთნელებისთვის. 28 მარტს ფიბა-ევროპის მაღალჩინოსანი სპორტის სასახლეში საქართველოს თასის გათამაშების ფინალს, ასევე 20-წლამდელთა და 16-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩებს დაესწრება და მოახდენს მსაჯების მონიტორინგს.
რიჩარდ სტოკსის სემინარი თბილისში მეორედ იმართება – 2013 წლის მარტში ფიბა-ევროპის სამსაჯო და საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ქართველ მსაჯებს სამდღიანი სემინარი ჩაუტარა.
GBF.GE