ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია ერთმანეთს ჩიკაგოში შეხვდნენ
ჩიკაგოში ერთმანეთს მეგობრები და საქართელოს ეროვნულ ნაკრებში თანაგუნდელები – ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია შეხვდნენ. 30 წლის ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა, 22 წლის შენგელია კი მწვრთნელმა მხოლოდ 22 წამი ათამაშა. ზაზა და თოკო ერთმანეთს მოედანზეც შეხვდნენ და მატჩის ბოლოს ერთმანეთს გულიანად გადაეხვივნენ.
“ჩიკაგომ”, რომელიც პლეი ოფში გასულია და კონფერენციაში მე-3 ადგილის დასაკავებლად იბრძვის, აუტსაიდერ “მილუოკისთან” დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა – 102:90. მასპინძლებმა ლიდერობა თავიდანვე მოიპოვეს და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, მეტოქე 8 ქულაზე ახლოს არ მიუშვიათ.
ფაჩულიამ სასტარტო ხუთულში ითამაშა და როგორც ჩანს, სეზონის ბოლომდე მას ამ ადგილს ვერავინ შეეცილება. მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმებითა და ნაირკვარი სანქციებით დაზურგულმა ლარი სანდერსმა მორიგი დისკვალიფიკაცია მიიღო – პროფესიულმა ლიგამ ის 5 მატჩით მარიხუანას მოხმარების გამო დასაჯა. აღსანიშნავია, რომ სანდერსი ზამთარში ბარში ჩხუბის გამო დასაჯეს, სადაც იარაღი გავარდა.
ფაჩულიამ შედეგიანად ითამაშა და იმ 40 წუთში, რაც მოედანზე იყო, 13 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ბომბარდირი 22 ქულით ბრენდონ ნაითი გახდა, ხოლო საუკეთესო შედეგი ჯეფ ადრიენს ჰქონდა -21 ქულა, 9 მოხსნა.
“ჩიკაგოში” 7 კალათბურთელი 10 ქულას ასცდა, რომელთაგან 17-17 კირკ ჰაინრიხმა და ჯიმი ბატლერმა დააგროვეს, ხოლო 14-14 კარლოს ბუზერმა და დიჯეი აუგუსტინმა. შენგელიამ და ჯიმერ ფრედეტემ მატჩის უკანასკნელი 22 წამი ითამაშეს. ქართველმა ფორვარდმა ამ დროში 1 ჩაჭრის მითვლა მოასწრო. მან ბურთი კრის მიდლტონს ჩაუჭრა. ჩიკაგოლებმა გუნდიდან გაუშვეს ახალბედა ერიკ მერფი და მის ნაცვლად ვეტერანი რონი ბრევერის შემატება სურთ.
ამ გამარჯვების შემდეგ “ჩიკაგო” აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ იყოფს მე-3 ადგილს “ტორონტოსთან”, რომელმაც დღეს ლიდერი “ინდიანა” დაამარცხა. რაც შეეხება “მილუოკის”, კლუბმა ისტორიის უცუდესი შედეგი გაიმეორა სეზონში 62-ე წაგებით. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 6 მატჩია, რომელთაგან მილუოკელებს მომდევნო შეხვედრა ხვალ, “ტორონტოსთან” ელით.
gbf.ge