ფაჩულიას 15 ქულა და 9 მოხსნა კონფერენციის ლიდერ “ინდიანასთან”
ზაზა ფაჩულიას „მილუოკის“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის დამარცხებამდე მცირედი დააკლდა. გუნდმა, რომელმაც საკუთარ ისტორიაში ყველაზე უხეირო სეზონს ატარებს, „ინდიანა პეისერსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 102:104 წააგო.
ისიც სათქმელია, რომ „ინდიანამ“ სათადარიგო შემადგენლობით ითამაშა. პეისერსელების სასტარტო ხუთეულის არც ერთ წევრს – პოლ ჯორჯს, ლენს სტივენსონს, დევიდ ვესტს, ჯორჯ ჰილს, როი ჰიბერტს – მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ამის მიუხედავად, ინდიანელებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.
ზაზა ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში – 32:45 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 15 ქულა დააგროვა და ამას 9 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. მილუოკელთაგან საუკეთესო შედეგი ბრენდონ ნაითს ჰქონდა – 25 ქულა, 10 პასი, ჯეფ ადრიენმა კი 13 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა.
14 მოგებითა და 64 მარცხით მილუოკელები ბოლო ადგილზე არიან. სეზონის დარჩენილი კალენდარი კი ასე გამოიყურება:
11 აპრილი: შინ „კლივლენდთან“
12 აპრილი: ვაშინგტონში
14 აპრილი: ტორონტოში
16 აპრილი: შინ „ატლანტასთან“
დღეს, გამთენიისას, მორიგი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ჩიკაგომ“, რომელმაც მინესოტაში „ტიმბერვულფს“ შანსი არ დაუტოვა – 102:87. ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, თუმცა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
GBF.GE