“ოლიმპიაკოსმა” “რეალი” შერმადინის დაუხმარებლად დაამარცხა და სერია გაახანგრძლივა
პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” ევროლიგის მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩი დრამატულ ბრძოლაში – 78:76 მოუგო მადრიდის “რეალს” და ჩამორჩენა შეამცირა – 1:2. სერიის მომდევნო მატჩი 23 აპრილს კვლავ საბერძნეთში გაიმართება და თუკი მასპინძლები კვლავ იმარჯვებენ, მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა მადრიდში ჩატარდება.
სამწუხარო ისაა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი შერმადინს. საქართველოს ნაკრების ცენტრი განაცხადში და სპორტულ ფორმაში იყო, თუმცა მწვრთნელს ის მოედანზე არ შეუყვანია.
მატჩი კი მართლაც საინტერესო გამოვიდა. მასპინძლები მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთზე ჩამორჩნენ და რომ არა გიორგიოს პრინტეზისის სამქულიანი, ასევე მადრიდელების მიერ აცილებული საჯარიმოები, ევროლიგის დასატოვებლად განწირულები იყვნენ.
სერხიო როდრიგესმა და რუდი ფერნანდესმაბოლო წამებზე უმნიშვნელოვანესი საჯარიმოები ააცილეს, რამაც “ოლიმპიაკოსს” გამარჯვება მოუტანა და სერია მინიმუმ 1 მატჩით გახანგრძლივდა. პირეოსელებს 21 ქულით ბრაიანტ დანსტონმა ულიდერა, ვასილის სპანულისმა კი მასპინძლებს 17 ქულა შეაწია.
gbf.ge