სამსუნგი 3×3-ზე კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის სპონსორი გახდა
“სამსუნგ ელექტრონიქსის” ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 3×3-ზე კალათბურთში ეროვნული ჩემპიონატის გენერალური სპონსორი ხდება. აღსანიშნავია, რომ 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი პირველად ტარდება. აქამდე სპორტის ეს სახეობა 1-2 დღიანი ტურნირებით შემოიფარგლებოდა.
ჩემპიონატი ივნისსა და ივლისში გაიმართება და სრულიად საქართველოს მოიცავს. რეგიონალური ტურნირების გამარჯვებულები ფინალურ ტურში თბილისში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩემპიონატი ჩატარდება ახალ, ფიბას სტანდარტებით აღჭურვილ სპეციალურ მოედანზე, რომელიც ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით შეიძინა და რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმოგზაურებს.
გიგა გურგენიძე (3×3 კალათბურთის განყოფილება): სპორტის ეს სახეობა საქართველოში უკვე 8 წელია ვითარდება. შედეგად, ასეთ დიდ გადაწყვეტილებამდე მივედით, როგორიცაა საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება. ჩემპიონატი საქართველოს 11 ქალაქში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ფიბა აქტიურად მუშაობს 3×3-ზე კალათბურთის ოლიმპიურ სახეობად ცნობაზე.
მიხეილ გაბრიჩიზე (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): ძალიან დიდი მადლობა “სამსუნგს”. 3×3-ზე კალათბურთის განვითარებაში აღნიშნული კომპანია დიდ როლს შეასრულებს. სპორტის ამ სახეობაში უამრავი ახალგაზრდა მოთამაშე ჩაერთვება, რაც საკმაოდ მნიშნველოვანი სოციალური საკითიც არის.
სანგ პილ ჩანი (სამსუნგის კავკასიის რეგიონალური დირექტორი): მოხარულები ვართ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით. ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდებს ვეხმარებით და ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებთ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მიხეილ გაბრიჩიძემ სანგ პილ ჩანს 3×3-ზე კალათბურთის 1-ნომრიანი მაისური გადასცა.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები