მაიკლ ჯორდანი: „NBA-ში დისკრიმინაცია დაუშვებელია“
ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა, რომელიც ამჟამად „შარლოტ ბობკეტსის“ ერთ-ერთი მფლობელია, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ პრეზიდენტის დონალდ სტერლინგის რასისტულ კომენტარს გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„ამ ამბავს ორი კუთხით ვუყურებ – როგორც გუნდის მფლობელი და ყოფილი მოთამაშე.
როგორც კლუბის მფლობელისთვის, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც კოლეგას ასეთი შეურაცხმყოფელი აზრები აქვს. დარწმუნებული ვარ, ადამ სილვერი ყველაფერს გამოიძიებს და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ყოფილი მოთამაშე, მე განრისხებული ვარ. არც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში და არც სხვა ნებისმიერ ადგილას რასიზმი და დისკრიმინაცია არ უნდა იყოს. საწყენია, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ხდება, განსაკუთრებით კი ჩვენი დონის სპორტში. ლიგაში მოთამაშეთა უმრავლესობა აფროამერიკელია, მსგავსი რამ დაუშვებელია“, – ჯორდანის ეს სიტყვები NBA.com-ს მოჰყავს.
ალექსანდრე მატევოსოვი