არმიამ რუსთავს მეორე მატჩიც იოლად მოუგო
თავდაცვის სამინისტროს გუნდმა “არმიამ” მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩშიც იოლად დაამარცხა “რუსთავი” და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდა. დღევანდელი შეხვედრა გუშინდელის მსგავსი სცენარით წარიმართა და ფავორიტად მიჩნეული არმიელების სასარგებლოდ – 100:66 დასრულდა.
ქვემოქართლურმა გუნდმა არმიელებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა პირველ მეოთხედში გაუწია, რომელიც 17:25 დათმო. მეორე პერიოდიდან კოტე ტუღუშის გუნდმა უპირატესობა გაიმყარა და დიდ შესვენებაზე უკვე 27 ქულით იგებდა.
მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და მეორე ტაიმი ფორმალობა გამოდგა. ორივე გუნდი ლაღად და სწრაფი შეტევებით თამაშობდა, საბოლოოდ კი არმიელთა მორიგი გამარჯვება დაფიქსირდა, რაშიც ყველაზე სოლიდური წვლილი 21 ქულით მიხეილ ბერიშვილმა დაიდო, 19 ქულა ბექა წივწივაძემ მიითვალა, ლაშა ფარღალავამ კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. “რუსთავში” 15 ქულით ბომბარდირი რევაზ ჩაჩანიძე გახდა, გიორგი ყველშვილმა კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.
სერიის მომდევნო შეხვედრა 3 მაისს, რუსთავში გაიმართება. “არმიას” ნახევარფინალამდე 1 გამარჯვება აშორებს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში („არმიას“ მთავარი მწვრთნელი): დღეს უკეთესად ვითამაშეთ ვიდრე გუშინდელ შეხვედრაში და ჩემს მოთამაშეებს არ მივეცი მოდუნების საშუალება. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ 40 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი ბოლომდე დახარჯულიყო ნებისმიერი კალათბურთელი, რომელიც მოედანზე იქნებოდა. ბატონმა ოთარმა გუშინ სწორად აღნიშნა, რომ ასეთი თამაშები აუცილებლად გამოგვადგება ნახევარფინალში კარგი რეზულტატის საჩვენებლად. მადლობა ოთარ ხმელიძეს და მთლიანად რუსთავის გუნდს ამ ორი მატჩისთვის და დარწმუნებული ვარ რუსთავში გაცილებით რთული მატჩები იქნება, რადგან ამ გუნდის შემადგენლობაში მთლიან ჯამში 4 წელი მაქვს გატარებული და კარგად ვიცნობ მის შესაძლებლობებს.
ოთარ ხმელიძე (რუსთავი მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში ვულოცავ „არმიას“ გამარჯვებას. ფაქტიურად წარმოუდგენელია იმ რესურსით რაც ჩვენ გაგვაჩნია, ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რადგან ჩვენ შორის ძალიან დიდი სხვაობაა მოთამაშეთა კლასშიც და საერთოდ ყველაფერში. ამასთან მალხაზ აბაიშვილს ფეხი აწუხებდა და გადავწყვიტე დამესვენებინა. ვცდილობდი დღეს ბიწები საბრძოლველად განმეწყო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. იმედია, რუსთავში ღირსეულად ვიასპარეზებთ.
გიორგი ჯგერენაია (არმია): დღეს მოედანზე საკმაოდ მობილიზებულნი გამოვედით. გამოვასწორეთ ჩვენი წინა თამაში და შევეცდებით რუსთავში თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადოთ და კარგი შედეგი ვაჩვენოთ.
superleague.ge