დინამო ნახევარფინალშია
სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. დღეს, თბილისის “დინამომ” 1/4-ფინალის მესამე შეხვედრაშიც მოახერხა “ოლიმპის” დამარცხება.
დღევანდელმა შეხვედრამ სრულად ასახა სერიაში არსებული მდგომარეობა. ხოშტარიას გუნდმა იოლად დაამარცხა მეტოქე. მატჩის ბედი ფაქტობრივად პიველ ნახევარში გადაწყდა. “დინამოს” უპირატესობა 30-ქულას სცილდებოდა და ბუნებრივია, რომ მატჩს დარჩენილ დროში არანაირი ინტრიგა აღარ ჰქონდა. მეორე ნახევარში მწვრთნელებმა ყველა მოთამაშეს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება.
“დინამოს” მხრიდან ლეგიონერები, ქიან კარტერი და სტევენ მილოშევიჩი გამოირჩეოდნენ. კარტერტმა 19 ქულას 9 მოხსნა დაუმატა, ხოლო მილოშევიჩმა 14 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს და ფარიდან ასხლეტილი ბურთი ასევე 9-ჯერ მოხსნა. “ოლიმპის” შემადენლობიდან საუკეთესო ნოდარ გოგოძე იყო, რომლის ანგარიშზეც 20 ქულაა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): ჩვენი მინიმუმი პროგრამა ნახავრფინალში გასვლა იყო და ეს გამარჯვება უკვე დავიწყებული გვაქვს. ველოდებით ჩვენს მეტოქეს ნახევარფინალში, სადაც, რა თქმა უნდა, გაცილებით რთული თამაშები გვექნება. ორივე ძლიერი გუნდია და ვერ გეტყვით რომელს ვისურვებდი. თუ მოგება გვინდა ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ.
დავით თორთლაძე (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): დაველოდებით ჩვენც მოწინააღმდეგეს პლეი აუტში. წელს ჩვენი მიზანი არ ყოფილა არც 4-ეულში შესვლა და არც ჩემპიონობა, ჩვენ სხვა კუთხით დავსახეთ გეგმები და ვფიქრობ ეს უფრო წაადგება კალათბურთის განვითარებას. ვგულისხმობ ბავშვთა სკოლებს, რომელიც წელს წამოვაყალიბეთ. სეზონის დასაწყისში, დუდუ დადიანის ტურნირისთვის ჩვენს გუნდს გარკვეული სახე ჰქონდა, მაგრამ შემდეგ დავსუსტდით – რიჩარდ მათიაშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ლაშა ფარღალავამაც დატოვა ჩვენი გუნდი. ამ ყველაფრის შემდეგ ფაქტიურად ვერ ამოვისუნთქეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვეცდებით 5-8 ადგიებისთვის მაინც ვიბრძოლოთ.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები