შსს აკადემიამ ბათუმს ჩამორჩენა შეუმცირა
თბილისში ზედიზედ 2 მატჩის წამგებმა “შსს-აკადემიამ” ბათუმში დღეს 78:72 მოიგო და სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. შედეგიანად ჩატარებული ბოლო მეოთხედის წყალობით არჩილ ჟღენტის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში 2:1 გახდა ბათუმელთა სასარგებლოდ.
“შსს-აკადემიას” წაგების უფლება არ ჰქონდა – წინააღმდეგ შემთხვევაში სერიას მშრალი ანგარიშით წააგებდა და მოქმედი ჩემპიონი 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვებოდა. ბოლო მეოთხედის წინ 4 ქულით ჩამორჩენილმა აკადემიელებმა ეს არ დაუშვეს და 20:10 მოგებული პერიოდის შემდეგ ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს.
გამარჯვებაში ლომის წილი მილე ილიჩმა დაიდო, რომელმაც 27 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. აკადემიელებმა ფარზე გვარიანად დაჩაგრეს მასპინძლები და მოხსნებში 52:21 აჯობეს. 15 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა რეზო როგავამ, ხოლო ლევან ფაცაციამ 13 ქულა მიითვალა. “ბათუმში 19-19 ქულა კემერონ მაკკეფრიმ და ჯუნიორ ქედუგინმა მიითვალეს.
ხვალ, 4 მაისს, 17:00 საათზე, ბათუმი სერიის მე-4 მატჩს უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): მადლობა ჩემს გუნდს და ბიჭებს ბრძოლისთვის. სერიაში ანგარიში ჯერ 1:2-ია. სხვას ვერაფერს გეტყვით.
მიხეილ კობეშავიძე („ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): შსს აკადემიამ 20 ბურთით მეტი მოგვიხსნა, ფარი მთლიანად წავაგეთ. სამწუხაროა, მაგრამ ძალა არ გვეყო. ხვალ კიდევ უფრო დიდი ბრძოლაა და ყველაფერს გავაკეთებთ, ვნახოთ რა იქნება.
superleague.ge