სუპერლიგის სიუპრიზი კალათბურთის გულშემატკივარს
ნახევარფინალური სერიებიდან სუპერლიგის მაყურებელს საინტერესო სიურპრიზი ელის. ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა შორის კონკურსი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მაყურებელს შეეძლება.
ნახევარფინალური სერიის ყველა მატჩის შესვენებაზე გამოვლინდება 4 მაყურებელი, რომლებიჩ ფინალში გადავლენ. შერჩევის პრინციპი მარტივია. მოთამაშეები ტრიბუნებზე ბურთებს გადააგდებენ, რომელთა დამჭერნიც საჯარიმოების სროლებით გამოავლენენ საუკეთესოს.
ფინალური სერიის მსვლელობის დროს გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
ნაკრების გენერალური პარტნიორი “ბორჯომი” შემდეგ პრიზებს აწესებს: პირველი ადგილი – ტელევიზორი, მეორე ადგილი – მობილური ტელეფონი, მესამე ადგილი – ფოტოკამერა.
სუპერლიგის გენერალური სპონსორი “ევროპაბეთი” კი, გამარჯვებულებს 500, 300 და 200 ლარით დააჯილდოვებს. ფინალში გასული ყველა მოთამაშე “ნატახტარის” ბრენდულ პროდუქციას მიიღებს.
გიორგი ზაბახიძე, სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი:
,,სუპერლიგის ნახევარფინალების პირველივე თამაშიდან მაყურებლებისთვის საკმაოდ საინტერესო გათამაშებას ვიწყებთ, ყველა ნახევარფინალურ შეხვედრაზე საჯარიმოების სროლებით გამოვლინდება 4-4 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც ფინალში გადავლენ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და ამ კონკურსში აქტიური ჩართვისთვის. აღნიშნული კონკურსი მომავალ წელს სეზონის პირველივე მატჩიდან დაიწყება და სეზონის ბოლომდე გასტანს. კალათბურთის პოპულარიზაციისთვის და მასობრიობისთვის ეს უპრეცედენტო კონკურსი ნამდვილად სასარგებლო იქნება.’’
ნანიკო კუპრაშვილი, კომპანია ,,ბორჯომის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:
,,კომპანია ,,ბორჯომი’’ უკვე წლებია თანამშრომლობს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან. მაყურებლებში ასეთი გათამაშების მოწყობის იდეა ძალიან საინტერესოა და ჩვენი კომპანია სიამოვნებით დაუდგა გვერდში სუპერლიგის ხელმძღვანელობის ინიციატივას, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის და ზოგადად, კალათბურთის პოპულარიზაციას. გამარჯვებულებისთვის პრიზებად ტელევიზორი, მობილური ტელეფონი და ფოტოკამერა დავაწესეთ, რაც მონაწილეებისთვის, ვფიქრობ, კარგი სტიმული იქნება.’’
დღევანდელი ნახევარფინალური სერიის მატჩებიდან უკვე გამოვლინდა 8 გამარჯვებული, რომლებიც ფინალში იასპარეზებენ. სუპერლიგის ხელმძღვანელობა ულოცავს გამარჯვებულებს და გულშემატკივრებს მოუწოდებს მობრძანდნენ თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის მატჩებზე და არ გაუშვან შანსი მოიგონ სოლიდური პრიზები.
გარდა ამ საინტერესო წამოწყებისა კალათბურთის ფედერაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვამცნო
საკალათბურთო ასაკობრივ ლიგებს პარტნიორი შეემატა. “ბრიტანული ცენტრი”, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამავრცელებელია, ლიგის ხელმძღვანელობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს, რომლის საფუძველზე ასაკობრივი ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეები “ბრიტანულ ცენტრში” ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებით დაჯილდოვდებიან.
მემორანდუმი თბილისის სპორტის სასახლეში გაფორმდება და მასზე ხელს სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ზაბახიძე და “ბრიტანული ცენტრის” მენეჯერი თორნიკე გიორგაძე მოაწერენ.
გიორგი ზაბახიძე, სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი:
,,ასაკობრივ ლიგებს ,,ბრიტანული ცენტრის’’ სახით ახალი პარტნიორი ჰყავს, რომელიც 13, 14, 16 და 18-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებით დააჯილდოვებს. მომავალში ვგეგმავთ თანამშრომლობის გაღრმავებას, ენის შემსწვლელ პროგრამებში უკვე მსაჯები და მწვრთნელებიც ჩაერთვებიან და ჩვენი თანამშრომლობა უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.’’
თორნიკე გიორგაძე (ბრიტანული ცენტრის მენეჯერი):
„სასიამოვნოა, რომ ქართული კალათბურთის განვითარებაში ჩვენც შევიტანთ გარკვეულ წილს. ევროპაში მოთამაშეების ინტეგრირებისთვის ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნაა საჭირო. ამ ეტაპზე ეს არის მხოლოდ დასაწყისი ჩვენი პარტნიორობის და ეს ურთიერთობა სამომავლოდ აუციებლად გაფართოვდება.