მე-5 ადგილისთვის შსს აკადემია რუსთავს შეხვდება
მეოთხედფინალურ სერიებში დამარცხებული გუნდები სუპერლიგის V-VII ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ. პლეი აუტის მატჩები ერთ მოგებამდეა და პირველ წყვილში ერთმანეთს “შსს-აკადემია” და “ოლიმპი” შეხვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი ნახევარფინალურ სერიაში “ბათუმთან” 1:3 დამარცხდა, არადა ამ არჩილ ჟღენტის გუნდს გაცილებით შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა და მე-5 ადგილის მოგება სავარაუდოდ ძვირად არ უღირს.
ამის მიუხედავად, “შსს-აკადემიამ” მაინც იოლად იმარჯვა და მე-5 ადგილისთვი მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ძალოვნებ “სოხუმსა” და “რუსთავს” შორის გამარჯვებული ,,რუსთავი’’ შეხვდება.
რაც შეეხება “ოლიმპთან” მატჩს, შეხვედრა, რომ იტყვიან, ცალფარა გამოდგა. დავით თორთლაძის გუნდს ლიდერი, რიჩარდ მათიაშვილი აკლდა და ისედაც აუტსაიდერად მიჩნეულმა, 39-ქულიანი მარცხი განიცადა. აკადემიელთა შვიდმა წევრმა 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა, რომელთა შორისაც ყველაზე მეტი – 21 ქულა, კოკა ტომარაძემ მიითვალა. 19 ქულა ჰქონდა რეზო როგავას. “ოლიმპში” ყველაზე მეტი – 15 ქულა რევაზ ათანელიშვილს დაუგროვდა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
შსს აკადემია – ოლიმპი 115:76
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მწვრთნელი): სამწუხაროდ, ჩვენი მიზანი და ამოცანა, რაც საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას გულისხმობდა, ვერ შევასრულეთ, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ და მე-5 ადგილის დაკავება უკვე პრესტიჟის ამბავია. ,,ოლიმპი’’ დღეს შესუსტებული შემადგენლობით იყო და გამარჯვების მოპოვება არ გაგვჭირვებია. მოვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის და შევეცდებით მე-5 ადგილი დავიკავოთ.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ჩვენთვის პრინციპული ხვალინდელი მატჩი იქნება. მართალია, რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, თუმცა სრული შემდაგნელობითაც ,,შსს აკადემიის’’ წინააღმდეგ მიზერული შანსები გვქონდა. გულდასაწყვეტია, რომ ძალიან ცოტა თამაში ჩავატარეთ. პლეიაუტის მატჩებს ის მიზანი აქვს, რომ გუნდმა მეტი თამაში ჩაატაროს, უმჯობესი იქნებოდა ეს თამაშებიც 2 ან 3 მოგებამდე ყოფილიყო. წელს ბევრი მიზეზის გამო სუსტად ვიასპარეზეთ, თუმცა საპრიზო ადგილების მოპოვების ამბიცია არც გვქონია. წარმატებებს ვუსურვებ ,,შსს აკადემიას’’, ჩვენ კი ხვალინდელი თამაშისთვის მოვემზადებით.
ლექსო ლაფანაშვილი(,,შსს აკადემია’’): მართალია, ჩვენი ამოცანა ვერ შევასრულეთ, თუმცა გვინდა, რომ სეზონი ღირსეულად ჩავამთავროთ, ხვალაც ასეთი შემართებით ვიასპარეზებთ და ვეცდებით, გამარჯვება მოვოპოვოთ.
მე-5 ადგილისთვის მატჩში “შსს-აკადემიას” “რუსთავი” დაუპირისპირდება. ქვემოქართლელებმა დღეს “სოხუმი” დაამარცხეს. მეოთხედფინალში “ქუთაისთან” გმირულად ნაბრძოლი და მე-5, გადამწყვეტ მატჩში დამარცხებული სოხუმელები ძირითადი გამთამაშებლის გარეშე თამაშობდნენ, ხოლო დღევანდელი მატჩის მეორე ნახევარში გუნდის ლიდერმა ირაკლი ჩლაიძემ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.
რუსთაველებმა საბოლოოდ 102:97 მოუგეს “სოხუმს” და მე-5 ადგილისთვის მატჩში შსს-ს დაუპირისპირდებიან. მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში “ოლიმპი” “სოხუმს” შეხვდება. ორივე მატჩი ხვალ, 10 მაისს, სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
სოხუმი – რუსთავი 97:102
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ფსიქოლოგიურად ბიჭები ძალიან დაძაბულები და გადაღლილები იყვნენ, ,,ქუთაისთან’’ თამაშმა ყველანაირი ძალები გამოგვაცალა,
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, გაგვიმართლა, ,,სოხუმი’’ ფიზიკურად და ემოციურად დაცლილი იყო, არადა მათ ჰქონდათ შანსი მაღალი მიზნებისთვის ებრძოლათ. ,,ქუთაისთან’’ წაგების შემდეგ, დღეს არ იყვნენ ისეთი განწყობით, როგორც ჩვევიათ. ამით ვისარგებლეთ და გავიმარჯვეთ. ხვალ რა იქნება, არ ვიცი. ზედიზედ 2 თამაშის ჩატარებას არ ვართ მიჩვეული, ამიტომ გაგვიჭირდება. კარგი იქნებოდა, 1 დღე მაინც გვქონოდა დასვენება.
ირაკლი ჩლაიძე(,,სოხუმი’’): მინდა მივულოცო ,,რუსთავის’’ გუნდს გამარჯვება, ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავთ, წელს პერსპექტიული ახალგაზრდა კალათბურთელებით იყვნენ დაკომპლექტებული. რაც შეგვეხება ჩვენ, დღეს არც ერთი მოთამაშე არ იყო ბრძოლისთვის მოტივირებული. ჩვენი პირდაპირი მიზანი ,,ქუთაისის’’ გამოგდება იყო პლეიოფიდან, დიდი ომი და ბრძოლები გადავიტანეთ და დამარცხებულები ჩვენ გამოვედით. ამიტომ, მე-5 და მე-7 ადგილებისთვის ბრძოლა ჩვენთვის მთავარი აღარაა. დღეს ყველაფერი სამართლიანად და ლოგიკურად მოხდა, ჩვენს ახალგაზრდებს სათამაშო დრო მიეცათ და ამ გამოცდილებას მომავალში გამოიყენებენ. რუსთავმაც დამსახურებულად მოიგო, წაგებას ჩემი ფეხის გადაბრუნებას ან ბააკაშვილის არყოფნას ვერ დავაბრალებ. ჩვენმა გუნდმა წელს ბევრ რამეს გაუძლო, მხოლოდ ენთუზიაზმის და სპორტული ჟინის ხარჯზე ვთამაშობდით და ვფიქრობ, ვერავინ მოგვთხოვს პასუხს საპრიზო ადგილების დაუკავებლობის გამო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის თითოეულ წელს გაწეული შრომის და თავდადებისთვის.
superleague.ge