დინამო ფინალს მიუახლოვდა
თბილისის “დინამომ” ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო “ბათუმს” და ფინალამდე 1 ნაბიჯიღა აშორებს. დღევანდელ შეხვედრაში თბილისელებმა გაცილებით იოლად იმარჯვეს. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ზღვისპირელებს პირველი ტაიმი 52:27 მოუგო და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, დიდი შესვენებისთვის გაარკვია.
ბათუმელებს აკლდათ ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში დისკვალიფიცირებული ჯეიმი ჯექსონი. ძნელი სათქმელია, 5-იდან 1 ლეგიონერის არყოფნამ ასე იმოქმედა ბათუმელებზე, მაგრამ ფაქტია – მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა გუნდმა “დინამოს” ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დღევანდელი 69:96 დამარცხების შემდეგ სერიაში 0:2 ჩამორჩა.
“დინამოში” 20 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო სტევან მილოშევიჩი გახლდათ. ორმაგი დუბლი შეასრულა ქიან კარტერმაც, რომელმაც 20 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. 16-16 ქულა მიითვალეს ბესო ლეჟავამ და მიხეილ ჭოჭუამ. ბათუმელთაგან 27ქულით ჯუნიორ ქედუგინი გამოირჩა, 11 ქულა ჰქონდა ჯერემი სეფოლდს, ხოლო 10 – ნიკა რამიშვილს.
სერიის მომდევნო მატჩი, რომელიც “დინამოს”გამარჯვების შემთხვევაში ბოლო იქნება, 13 მაისს, ბათუმში გაიმართება. თუკი მასპინძლები მოიგებენ და სერიაში ჩამორჩენას შეამცირებენ, მე-4 შეხვადრასაც ბათუმი 14 მაისს უმასპინძლებს.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): ის ჩანაფიქრი, რომ გასვლით მატჩზე 2:0 ლიდერობით წავსულიყავით, შევასრულეთ. ბათუმში გვითამაშია და ვიცით, რა რთულია იქ თამაში, ამიტომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არაა. ბიჭებს ვთხოვე, დაივიწყონ ყველაფერი და გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება. ვეცდებით, მომდევნო მატჩსაც სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. მეტს ვერაფერს ვიტყვი.
superleague.ge