ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლატვიელ კალათბურთელებთან ერთად სპორტის მუზეუმს ეწვია
ცნობილი ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი დღეს ქართული სპორტის მუზეუმს “სოხუმის” ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად ეწვია.
კალათბურთის ფედერაციამ მოზარდი სპორტსმენების მუზეუმში სტუმრობის ტრადიცია მიმდინარე წელს დანერგა, რითაც ახალგაზრდა თაობას ქართული სპორტის ისტორიას აცნობს.
სპორტის მუზეუმს ნიკოლოზ ცქიტიშვილთან და ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად ეწვევიან ლატვიელი ვეტერანი კალათბურთელებიც, რომლებიც საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვიდნენ. მათ ქართველ ვეტერან კალათბურთელებთან ერთი ამხანაგური მატჩი უკვე გამართეს, მეორე შეხვედრას კი 17 მაისს სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ქართული კალათბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა სპორტის სამინისტროში მდევარი მუზეუმს საკუთარი სათამაშო მაისური უსახსოვრა. “გოლდენ სტეიტ ვარიორსი”, სადაც ცქიტიშვილი 2005/06 წლების სეზონში თამაშობდა, მისი კარიერის ისტორიის ნაწილია. სპორტსმენმა მუზეუმს სწორედ ამ გუნდის 20-ნომრიანი მაისური გადასცა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: როცა მე თვითონ ვიყავი დამწყები კალათბურთელი, ყოველთვის მქონდა მოტივაცია დავსწრებოდი მსგავს ღონისძიებებს და გამეცნო ყოფილი თუ მოქმედი ნბა-ს მოთამაშეები. ვფიქრობ, ასეთი აქციები ახალგაზრდა სპორტმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სანამ წარმატებული კალათბურთელები გახდებიან, ჯერ უნდა იცნობდნენ ქართული კალათბურთის და, ზოგადად, სპორტის ისტორიას.
ენდის კარკლინში (ლატვიელი ვეტერანი კალათბურთელი): აქ სტუმრობის მიზეზი სოხუმის გუნდის მხარდაჭერა და მისი გამხნევებისთვის ამხანაგური მატჩის გამართვა იყო ქართველ ვეტერან კალათბურთელებთან. რომელიც გუშინ გავმართეთ კახეთში და კიდევ იგეგმება 17 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში. დღეს კი მუზეუმს ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად ვეწვიეთ. საქართველოსაც და ლატვიას მდიდარი სპორტული ისტორია გააჩნია და მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდა თაობამ იცოდეს. კალათბურთი სპორტის განსაკუთრებული სახეობაა და ის არ ჰგავს სპორტის სხვა რომელიმე სახეობას. კალათბურთი იწყება ახალგაზრდა თაობით და გრძელდება ვეტერანი კალათბურთელებით.
superleague.ge