აკადემიამ მართვეს ბოლო წამებზე ძლია
გამარჯვებით დაიწყო ფინალური სერია “აკადემიამ”. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა “მართვე 165-ე სკოლას” დაძაბულ ბრძოლაში – 56:55 სძლია და 1:0 დაწინაურდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწრო და მათ შორის ყველასთვის კარგად ნაცნობი კალათბურთელები – ზაზა ფაჩულია, ნიკა ცქიტიშვილი და გიორგი ცინცაძე. ამ უკანასკნელის ძმა, ნიკა ცინცაძე, “აკადმიაში” თამაშობს და მისი ძმის თამაშზე მისვლა ფეხბედნიერი აღმოჩნდა. აკადემიელებმა ბოლო წამებზე, 1 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
“აკადემია” 56:54 იგებდა, გიორგი თევდორაშვილმა ლევან ფაღავაზე ჯარიმა მიიღო და ამ უკანასკნელს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცა. ფაღავამ მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი აკადემიელმა ნიკა დარბაიძემ მოხსნა და მატჩის ბედიც აქ გაირკვა.
არადა, მანამდე, მთელი თამაშის განმავლობაში “მართვე 165-ე სკოლა” ლიდერობდა. მესამე მეოთხედი მართველებმა 19:10 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 45:35 დაწინაურდნენ. აკადემიელებმა ბოლო 5 წუთში კარგი დაცვისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე ჩამორჩენის გაბათილება და დაწინაურებაც მოახერხეს, ბოლო წამებზე კი გამარჯვებაც მოიპოვეს.
აკადემიელთა შორის 18 ქულით საუკეთესო გიორგი თევდორაშვილი გახლდათ. ნიკა ნოზაძემ 6 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ლუკა დარბაიძემ კი – 6 ქულა და 15 მოხსნა. დამარცხებულებში ტრადიციისამებრ დავით ლომიძე გამოირჩა, რომელმაც 21 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.
ფინალური სერიის მომდევნო მატჩი 17 მაისს, 18:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ტომარაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ბიჭებს გამარჯვებას, ბოლო პერიოდში მოინდომეს და მოვიგეთ, თუმცა ძალიან ცუდად ვითამაშეთ, კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ.
ხათუნა გაბედავა(,,მართვე 165-ე სკოლის’’ მთავარი მწვრთნელი): თითქმის მთელი მეოთხე პერიოდი 8-10 ქულით ვლიდერობდით, თუმცა შემდეგ ლომიძეს ფეხი გადაუბრუნდა, გოგნაძეც დაშავდა და ამ მომენტებში მოხდა გარდატეხა, ბოლოს ნერვებმაც გვიმტყუნა.
http://u-18.ge/