დინამო სუპერლიგის გამარჯვებულია
დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ფინალური სერიის მეოთხე მატჩი გაიმართა. გუშინწინდელი დაძაბული მატჩის შემდეგ ქუთაისელებს სერიის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ და დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქმეს მეხუთე მატჩამდე მიიყვანდნენ, თუმცა მასპინძლებმა ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.
“დინამომ” უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და დარჩენილ დროში გამარჯვება ხელიდან არ გაუშვია.
თბილისელთა რიგებში საუკეთესო მონტენეგროელი ლეგიონერი, სტევან მილოშევიჩი გახდა. ცენტრის ანგარიშზე 25 ქულა და 11 მოხსნაა. მილოშევიჩთან ერთად გამოირჩეოდნენ გამყრელიძე (15 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი) და კარტერი (18 ქულა, 5 მოხსნა). მასპინძელთა მხრიდან აქტიურობდნენ ლომინაშვილი და დავალიშვილი, თუმცა წარმატების მისაღწევად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
“დინამომ” 91-58 მოიგო და ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად დაისაკუთრა.
სუპერლიგა დასრულდა, თუმცა საკალთბურთო სეზონის ბოლომდე კიდევ ერთი მატჩია ჩასატარებელი. 31 მაისს სუპერთასის მატჩი გაიმართება.