2002 წელს დაბადებულთა საქართველოს მინი ფესტივალი სპორტის სასახლეში დაიწყო
დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ფესტივალმა მინი-კალათბურთში 2002 წელს დაბადებულთა შორის. ტურნირის ორგანიზატორი„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია“, ხოლო ფესტივალის მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.
ფესტივალის გენერალური სპონსორია „პრივატბანკი“ და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 21 გუნდი მონაწილეობს. გუნდები 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. ჯგუფურ ეტაპზე გამოვლინდება 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.
გაგაცნობთ ტურნირში მონაწილე გუნდებს:
ა ჯგუფი: ქუთაისი, ბოლნისი, ჰიუნდაი, თსსუ, რუსთავი1
ბ ჯგუფი: სომხეთი, ბათუმი, აკადემი 1, მართვე, TBC
გ ჯგუფი: რუსთავი 2, ზესტაფონი, დინამო, ოვერტაიმი, ვესტა
დ ჯგუფი: ვარსკვლავები, გორი, აკადემია 2, შსს-ორბი, ბასტიონი, სოხუმი
აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით თბილისის სპორტის სასახლეში გახსნის ცერემონიალი მოეწყო, რომლის დასრულების შემდეგ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნუგზარ კევლიშვილმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერეს.
მიხეილ გაბრიჩიძე(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): არაჩვეულებრივი დღეა. გუშინ დასრულდა მინი ფესტივალი, რომელიც ძალიან კარგად ჩატარდა. დღეს კი უფრო მასშტაბურ ფესტივალს ვიწყებთ და ის მთელ საქართველოს მოიცავს. ეს ფესტივალი ხელს შეუწყობს კალათბურთის განვითარებას, ახალგაზრდების დაახლოვებას და ახალი ტალანტების აღმოჩენას.
ნუგზარ კევლიშვილი(ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი):კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას. რაც მთავარია, გვინდა ფესტივალმა ტრადიციული სახე მიიღოს.
ზურაბ მასურაშვილი(,,პრივატბანკის’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე): ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ,,პრივატ ბანკი’’ აქტიურად უჭერს მხარს სპორტულ ღონისძიებებს. ჩვენი სპონსორობა გულისხობს მონაწილეებისთვის, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან, საბანკო ბარათების უფასოდ გადაცემას და ამ გზით ფინანსური კულტურის გაღვივებას. პრიზები მონაწილეებს სწორედ ამ ბარათებზე ჩაერიცხებათ და ისწავლიან ბარათების ცხოვრებაში გამოყენებას.
superleague.ge