სტუდენტური დღეები 2014-ის საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული სტუ გახდა
4-5 ივნისს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან სტუდენტური ტურნირი გაიმართა 3X3 კალათბურთში. შეჯიბრი „სტუდენტური დღეები 2014 – ევროპული მომავლისთვის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მისი ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მხარდამჭერები კი საუნივერსიტეტო სპორტის და კალათბურთის ეროვნული ფედერაციები გახლდნენ.
ტურნირის მთავარი დამახასიათებელი შტრიხი გახლდათ სათამაშო მოედანი, რომელიც კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით შეიძინა და რომელიც პირველად სტუდენტებმა მოთელეს. მოედანი ულტრათანამედროვეა და მისი ანალოგი საქართველოში არ არის. იგი სტანდარტული, საკალათბურთო მოედნის ზომებისაა და გაიშლება ნებისმიერ ადგილას, სადაც საჭირო ფართის სწორი ზედაპირია. სწორედ ამ მოედანზე ჩატარდება ისტორიაში პირველი ეროვნული ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში, რომელიც 22 ივნისს, „თბილისი მოლში“ დაიწყება და საქართელოს 11 ქალაქს მოიცავს.
„სტუდენტური დღეები 2014“-ის მონაწილეებმა ახალ მოედანზე საინტერესო თამაში გააჩაღეს. ტურნირში სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა სასწავლებლების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. მთლიანობაში შეჯიბრში 20-ზე მეტი გუნდი ასპარეზობდა, რომლებიც 4 ქვეჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი.
პლეი ოფში 16 მათგანი გავიდა, რომლებმაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა 1/8 ფინალიდან დაიწყეს. ნახევარფინალში თსუ-მ 14:10 მოუგო სამედიცინო უნივერსიტეტს, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა „ილიაუნის“ 18:7 აჯობა. მესამე ადგილისთვის მატჩში მედიკოსებმა ბოლო წამზე – 14:13 დაამარცხეს „ილიაუნი“, საჩემპიონო მატჩში კი სტუ-მ 20:12 სძლია თსუ-ს და ჩემპიონისთვის დაწესებული სპეციალური თასი მედლებთან ერთად ჩაიბარა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირი ფიბა-ს ეგიდით ჩატარდა, რომლის მიმდინარეობა 3X3 კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე ხორციელდებოდა. ყველა მოთამაშე დარეგისტრირებული იყო ფიბა-ს საიტზე და წარმატებული გუნდების წევრებს პირად რეიტინგში ქულები დაერიცხათ.
გამარჯვებულ სტუ-ს თასი გადასცა „სტუდენტური დღეები 2014“-ის კოორდინატორმა ტატა ხვედელიანმა. პრიზიორი გუნდები მედლებით დააჯილდოვეს სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბექა ბენდელიანმა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბაქრაძემ.
საუკეთესო მოთამაშე გახდა სტუ-ს წევრი აკაკი ლომოური, რომელსაც ტურნირის სპონსორ კომპანია „ბილაინისგან“ მობილური ტელეფონი გადაეცა.
superleague.ge