უკრაინას ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი, რომელიც უკრაინაში უნდა გამართულიყო, ამ ქვეყანაში აღარ ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება ფიბა-ევროპამ უკვე მიიღო, ხოლო ვინ უმასპინძლებს კონტინენტის პირველობას, ეს სავარაუდოდ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გაირკვევა.
ფიბა-ევროპა დააგზავნის ევროპულ ფედერაციებში ევრობასკეტის სამასპინძლოდ აუცილებელ მოთხოვნებს და რომელი ქვეყანაც, ან ქვეყნების ჯგუფიც ამ პირობებს დააკმაყოფილებს, ევრობასკეტიც იქ გაიმართება.
უკრაინისთის ევროპირველობის მასპინძლობის უფლების წართმევა ამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მოხდა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ უკრაინაში რუსეთთან არგამოცხადებული ომი მიმდინარეობს და იქ კალათბურთისთვის არავის სცხელა.
სანამ 2015 წლის ევრობასკეტის მასპინძლის ვინაობა გაირკვეოდეს, ცნობილი ხდება, რომ მომავალ ჩემპიონატზე გათამაშების ახალი ფორმატი დაინერგება. მეორე ჯგუფური ეტაპი გაუქმდება და გუნდები ჩემპიონობისთვის ბრძოლას პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი ოფიდან გააგრძელებენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წლის ევრობასკეტის მასპინძლის ვინაობა მომავალი სექტემბრის ბოლოს გაირკვევა. უკრაინას კი შეღავათად ის აქვს, რომ თუკი ქვეყანაში სიტუაცია დარეგულირდა, ევროკალათბურთის მამები 2017 წლის კონტმასპინძლობის უფლებას უბოძებენ.
gbf.ge