„აკადემიამ“ 2003-წლიანთა საქართველოს ფესტივალიც მოიგო
2003-წლამდელთა შორის საქართველოს მინისაკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული „აკადემია“ გახდა. გია კაზანჯიანის გუნდმა ფინალურ მატჩში „ოვერტაიმი“ 58:46 დაამარცხა. ეს გუნდები შეხვდნენ 20 ივნისს, თბილისის ფესტივალის ფინალშიც და მაშინაც აკადემიელებმა – ოღონდ დაძაბულ ბრძოლაში – 43:41 მოიგეს.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარებული მინიფესტივალების სერია დასრულდა. მთლიანობაში 4 ტურნირი ჩატარდა – 2002 წელს დაბადებულთა თბილისის და საქართველოს ფესტივალები და 2003 წელს დაბადებულთა ანალოგიური პირველობები.
დღეს დასრულებული 2003-წლიანთა მინიფესტივალი საინტერესო გამოდგა. ტურნირის ფარგლებში არაერთო დაძაბული და საინტერესო, ემოციებითა და ბავშვური აღტაცებით სავსე მატჩი გაიმართა. ტურნირს მრავალი გულშემატკივარი დაესწრო და ყველაფერმა ჯანსაღ, სპორტულ ატმოსფეროში ჩაიარა.
დღევანდელ ფინალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნუგზარ კევლიშვილი დაესწრნენ.
ტურნირის მონაწილეები სპონსორებისა და მხარდამჭერების მიერ უხვად დასაჩუქრდნენ. „პრივატბანკმა“ საუკეთესო სამეულს სპორტული ეკიპირება გადასცა, პლუს ჩემპიონი გუნდის ყველა წევრს პირად ანგარიშზე ფულადი ჯილდოები ჩაურიცხა.
მესამე ადგილისთვის მატჩში „რუსთავმა“ 42:30 დაამარცხა „დინამო“ და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ამით დასრულდა მინიკალათბურთის სეზონი, რომელიც 40 დღე გაგრძელდა.
1 ივლისი. საკალათბურთო აკადემია
ფინალი
აკადემია – ოვერტაიმი 58:46
4:13, 15:7, 17:9, 22:17
აკადემია: ლ. დოლიძე (25), გ. ოჩხიკიძე (23)
ოვერტაიმი: ჯ. ჯმუხაძე (31), გ. მახნიაშვილი (12)
III ადგილისთვის
რუსთავი – დინამო 42:30
9:6, 5:4, 16:7, 12:13
gbf.ge