„სან-ანტონიო“ და „მაიამი“ პაუ გასოლს დაუკავშირდნენ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვლილი სეზონის ფინალისტები „სან-ანტონიოო სპურსი“ და „მაიამი ჰიტი“ ესპანელი ბიგმენის პაუ გასოლის შეძენაში არიან დაინტერესებულები, რის შესახებაც „Sports Illustrated“-ი წერს. როგორც ცნობილია, ტეხასელთა ერტ-ერთი წარმომადგენელი მოთამაშის აგენტს დაუკავშირდა, ხოლო ფლორიდელთა პრეზიდენტმა ლიგის ორგზის ჩემპიონს პირადად დაურეკა.
გასოლი, რომელიც „ლეიკერსში“ 2008 წლიდან გამოდის, აქამდე კალიფორნიული კლუბის გენერალურ მენეჯერს მიტჩ კაპჩაკს შეხვდა. გარდა ამისა, ესპანელისადმი ინტერესი „ნიუ-იორკ ნიქსისა“ და „დალას მავერიკსის“ ხელმძღვანელებსაც აქვთ.
სავარაუდოდ, პაუს, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, წლიური ხელფასის სახით 10-12 მილიონი დოლარის მიღება სურს.
განვლილი სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში 33 წლის კალათბურთელის საშუალო მონაგარმა 17,4 ქულა, 9,7 მოხსნა და 3,4 გადაცემა შეადგინა. სხვადასხვა ტრავმის გამო პაუს 22 მატჩის გამოტოვება მოუწია.