ევროპის ჩემპიონატამდე 18–წლამდელთა ნაკრები შეკრებას ლატვიასა და ფინეთში გაივლის
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში უცხოურ შეკრებაზე მიემგზავრება. არჩილ ჟღენტის გუნდი ლატვიაში, ფინეთსა და ბულგარეთში მთლიანობაში 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს, რის შემდეგაც პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
18-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში ერთკვირიან შეკრებას (10-17 ივლისი) გაივლის. ქართველები ლატვიის 18-წლამდელთა ნაკრებს ერთხელ შეხვდებიან, ადგილობრივი პირველი ლიგის გუნდთან კი 2 სპარინგ-მატჩს გამართავს.
17-დან 20 ივლისის ჩათვლით საქართველოს ნაკრები ფინეთში გაივლის შეკრებას, რის ფარგლებშიც ადგილობრივ ნაკრებთან 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. ფინეთიდან ქართველები ბულგარეთში გადაინაცვლებენ და 21 ივლისს ამ ქვეყნის ნაკრებთან სპარინგ-მატჩს გამართავს.
ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი) სწორედ ბულგარეთში, 24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები D ჯგუფშია ავსტრიასთან, ესტონეთთან, ისლანდიასთან, გერმანიასა და ისრაელთან ერთად. თუკი საქართველო საუკეთესო 2 გუნდში მოხვდება, ჯგუფიდან გავა და ბრძოლას A დივიზიონში გადასასვლელად განაგრძობს. ელიტარული დივიზიონის საგზურს ტურნირის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
არჩილ ჟღენტი(18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): თუ იმ სწორი ტაქტიკით ვივლით, რომელიც გუნდს არჩეული აქვს და ამხანაგურ მატჩებში დაშვებულ შეცდომებს მინიმუმადე დავიყვანთ, ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე მზადყოფნაში ვიქნებით. უკრაინის ნაკრწებთან თამაშებმა აჩვენა, რა მინუსები გვაქვს და რაზე უნდა ვიმუშაოთ. დღეს 12 კაცით მივდივართ, გამოცდების პერიოდია და 2 მოთამაშე მოგვიანებით შემოგვიერთდება. ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს, კმაყოფილები ვართ განრიგით , ფედერაციამ ყველანაირი პირობა შეგვიქმნა, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. დანარჩენი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
გიორგი გუგეშაშვილი: საკმაოდ კარგი და დატვირთული მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს. უკვე გავიარეთ თითქმის ერთთვიანი შეკრება, 2 მატჩი გავმართეთ უკრაინის ნაკრებთან, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია ‘’ბ’’ დივიზიონში. რაც შეეხება ლატვიის ნაკრებს, ,,ა’’ დივიზიონის გუნდია და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათთან შეხვედრა ევროპისთვის მოსამზადებლად. შემდეგ უკვე ფინეთში და ბულგარეთში გავმართავთ ამხანაგურ თამაშებს და ვეცდებით, ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე სრულ მზადყოფნაში ვიყოთ. რამდენიმე მოთამაშეს ტრავმა აწუხებს, თუმცა იმედია, მოვახერხებთ შემსუბუქებას და ყველანი სათანადო ფორმაში ვიქნებით.
ლევან მასხულია: გუნდმა ორი თამაში ჩაატარა უკრაინის ნაკრებთან, მართალია, დავმარცხდით, თუმცა მაინც წარმატებულად ჩავთლი ამ შეხვედრებს, რადგან გამოჩნდა ჩვენი შეცდომები და ვმუშაობთ მათ გამოსასწორებლად. დღეს ღამე უცხოურ შეკრებაზე მივემგზავრებით, რომლის განმავლობაშიც რამდენიმე ამხანაგური თამაში გვექნება. გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა და თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმს გააკეთებს წარმატებისთვის.
გიგი გოგობერიშვილი: გუნდში ამაღლებული და საბრძოლო განწობაა და ენთუზიაზმით ველოდებით ამ შეკრებას. ამხანაგური თამაშები ჩვენს თანატოლებთან გვექნება, რაც დაგვეხმარება უკეთ შევთამაშდეთ და ევროპის ჩემპიონატზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ.
სოსო მაჭავარიანი: 3 კვირის წინ დავიწყეთ შეკრება, 1 კვირა ფიზიკური ვარჯიშები გვქონდა, 2 კვირა დინამოს ბაზაზე ვიყავით. ამის შემდეგ უკრაინის ნაკრებთან ვითამაშეთ 2 ამხანაგური მატჩი. უკრანაის ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და, სამწუხაროდ, წავაგეთ. დღეს ღამე მივფრინავთ, ჯერ ლატვიაში გავივლით შეკრებას, შემდეგ ფინეთსა და ბულგარეთში, ამის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის ,,ბ’’ დივიზიონში ვიასპარეზებთ. რაც შეეხება შანსებს, გუნდში ყველანი შემართებით ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ღირსეული შედეგის საჩვენებლად.
gbf.ge