ლებრონის წასვლის შემთხვევაში, ბოში „ჰიუსტონში“ გადავა
ESPN.com-ის ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსის „მაიამი ჰიტიდან“ წასვლის შემთხვევაში, კრის ბოში „ჰიუსტონ როკეტსის“ კალათბურთელი გახდება.
ბოშს ჯეიმსთან თამაშის გაგრძელების სურვილი აქვს, თუმცა ამავე დროს იგი „როკეტსის“ წინადადებას განიხილავს, რომელიც მას 4-წლიან კონტრაქტსა და 88 მილიონ დოლარს სთავაზობს. რაც შეეხება ჯეიმსს, როგორც ცნობილია, იგი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან მის დაბრუნებას „კლივლენდ კავალიერსიც“ ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ „ჰიუსტონის“ მდგომარეობა ოთხშაბათს გაუარესდა, როდესაც ჩენდლერ პარსონსმა „დალას მავერიკსთან“ 3-წლიანი 45-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. იმ შემთხვევაში, თუ „როკეტსი“ „მავერიკსის“ წინადადებას გაიმეორებს, რაზეც მხოლოდ 3 დღე აქვს, კლუბს ბოშის დამატების შანსი აღარ ექნება.
გარდა ამისა, ადგილის გათავისულებისთვის და კრისისთვის ხელფასის გადახდისთვის „ჰიუსტონს“ ომერ აშიკისა და ჯერემი ლინის გაშვება მოუწევს.