ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიას დამატებით დროში – 78:74 მოუგო
საქართველოს ეროვნული გუნდის მეორე გამარჯვება მაკედონიაში. ქალაქ ოჰრიდში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე იგორ კოკოშკოვის გუნდმა ავსტრია დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში – 78:74 დაამარცხა. გუშინ ქართველებმა რუმინელებს აჯობეს და ხვალ, ფინალის ტოლფას მატჩში მასპინძელთა ნაკრებს შეხვდებიან. მაკედონიასთან გამარჯვების შემთხვევაში კოკოშკოვის გუნდი ოჰრიდის ტურნირის მთავარ ტიტულს დაეპატრონება.
ავსტრიასთან მატჩი რთული გამოდგა ქართველებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა, შეხვედრა ისე წარიმართა, გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა მიეცა. ძირითადი დროის ბოლოს ანგარიშში სხვაობა მინიმალური იყო და შეხვედრაც ოვერტაიმში გადაიზარდა. დამატებით დროში კი წაგებას სულ სხვა, მწარე გემო აქვს და გუნდებმაც მოსაგებად ყველაფერი გაიღეს.
დამეტებით დროში ქართველები 4 ქულით ჩამორჩნენ, თუმცა გუნდის კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას, ნიკა მეტრეველის და ვიქტორ სანიკიძის შედეგიანი თამაშის წყალობით საქართველომ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. დამატებითი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ფაჩულიამ 2–ქულიანი და პლუს საჯარიმო ჩააგდო, რითაც ქართველები 76:74 დააწინაურა. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო მატჩის ბოლო ქულებიც, რითაც იგორ კოკოშკოვის გუნდს გამარჯვება გაუნაღდა.
ზოგადად, მატჩი ავსტრიელთა ლიდერობით მიმდინარეობდა. ქართველებმა პირველი მეოთხედის ბოლოს მცირე უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ავსტრიელებმა მალევე დაიბრუნეს ლიდერობა, რომელსაც მატჩის ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. ავსტრიელთა უპირატესობამ მესამე მეოთხედის დასაწყისში 11 ქულასაც მიაღწია, თუმცა ქართველებმა მეთოდურად იწყეს ვითარების გამოსწორება და ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ფაჩულიას ორქულიანმა საქართველოს პირველ ათწუთეულში დაკარგული ლიდერობა დაუბრუნა.
გუშინდელ მატთან შედარებით, დღეს უფრო მეტად დაიტვირთნენ სასტარტო ხუთეულის კალათბურთელები, ხოლო სათადარიგოთაგან ყველაზე მეტი ბესო ლეჟავამ – 15 წუთი ითამაშა. მოედანზე არ გასულან განაცხადში მყოფი მიხეილ ბერიშვილი და მიხეილ ჭოჭუა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა (3 წუთი), გიორგი შარაბიძემ (8 წუთი) და ბექა წივწივაძემ (9 წუთი) ჯამში 20 წუთი ითამაშეს.
ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მაკედონიას შეხვდება და ამ მატჩის მოგებული ოჰრიდის ტურნირის გამარჯვებული გახდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ოჰრიდის საერთაშორისო ტურნირი. მაკედონია. 17 ივლისი
საქართველო 78:74 ავსტრია
ძირითადი დრო: 64:64
15:16, 16:24, 19:13, 14:11, 14:10
საქრთველო: ცინცაძე (36წ, 10ქ, 4პ), ფაცაცია (27წ, 3ქ, 4მ), სანიკიძე (39წ, 15ქ, 9მ, 3პ), მეტრეველი (39წ, 20ქ), ფაჩულია (38წ, 17ქ, 9მ, 4პ); შარაბიძე (8წ, 2ქ), დვალიშვილი (3წ), სანაძე (12წ, 3ქ), ლეჟავა (15წ, 8ქ), წივწივაძე (9წ)
სრული სტატისტიკა: http://www.fibalivestats.com/matches/8416/12/26/61/15bWG5cQwJcy2/
GBF.GE