საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო პირველობის მონაწილე უკრაინა დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა. გუნდი, რომელმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე, სლოვენიაში, მე-5 ადგილი დაიკავა და 2014 წელს ესპანეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. დიახ, უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, საქართველო კი ევროპის 2015 წლის ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირისთვის. ეს გუნდები დღეს სლოვენიის დაბა როგაშკა სლატინაში შეხვდნენ და გამარჯვებული იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი საქართველო გამოვიდა – 70:62.
საქართველო თავისი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ თამაშობდა. ეგ კი არა, ჩვენებს მანუჩარ მარკოიშვილსა და რიკი ჰიკმანთან ერთად გიორგი შერმადინიც აკლდათ. უკრაინის ნაკრებიც დანაკლისით თამაშობდა, მაგრამ ქართველების დანაკლისთან ეს რა მოსატანია.
ერთი საინტერესო მომენტიც: უკრაინა პირველ ტურში საქართველოს ხვდება, ხოლო ბოლო ტურში, 26 ივლიის, სლოვენია და უკრაინის მატჩია დანიშნული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზატორებმა ფინალის დარ მატჩად უკრაინა-სლოვენია ჩათვალეს, აქაოდა, ეს გუნდები 2-2 გამარვებას მიითვლიან და მათ შორის გამარჯვებული ტურნირის მოგებული იქნებაო – ამიტომაც ბოლო დღესაა ამ ნაკრებების მატჩი დანიშნული.
საქართველოს ნაკრებმა პროგნოზიორთა ვარაუდი თავდაყირა დააყენა და უკრაინის ნაკრებს მარცხი აგემა. არდა, თამაში ისე დაიწყო, ამას სლავები ძნელად თუ იფიქრებდნენ. უკრაინელებმა პირველ მეოთხედში 5 სამქულიანი ჩაგვიგდეს და ათწუთეული 26:15 მოიგეს. მეორე პერიოდში ქართველებმა ოდნავ იყოჩაღეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს – 33:38.
შესვენებამდე მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა მოპოვებული საქართველოს ნაკრების კაპიტან ზაზა ფაჩულიას, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად მეორე ტაიმში ამოქმედდა. ქართველებმა მესამე მეოთხედი 20:17 მოიგეს და ბოლო პერიოდში უკრაინელებზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს.
ხანგრძლივი უთამაშებლობის კვალობაზე შესანიშნავად გაისარჯა თორნიკე შენგელია, რომელმაც 31:31 წუთში 12 ქულა მოაგროვა. დამაჯერებლად თამაშა გიორგი ცინცაძემ, რომელიც გუნდს 11 ქულითა და 5 პასით შეეწია. საუკეთესო კი ვიქტორ სანიკიძე გახლდათ 19 ქულით, 8 მოხსნით, 5 ჩაჭრითა და 3 პასით. სწორედ სანიკიძემ, ზაზა ფაჩულიამ და თორნიკე შენგელიამ ჩააგდეს მატჩის უკანასკნელი 8 ქულა. მას შემდეგ, რაც შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში 62:62 გახდა, ხსენებულმა კალათბურთელებმა იგორ კოკოშკოვის გუნდს გამარჯვების ქულები შესძინეს.
უკრაინის ნაკრებში საუკეთესო იყო იუჯინ (პუჰ) ჯეტერი, რომელმაც 14 ქულა მიითვალა. 8-8 ქულა დააგროვეს კირილ ნატიაჟკომ და მაკსიმ კორნიენკომ. უკრაინელთა იმედმა სერგეი გლადირმა კი თავისიანებს მხოლოდ 1 ქულა შეაწია.
დღესვე ტურნირის ფარგლებში ითამაშებენ სლოვენია და კანადა. საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე სლოვენიას დაუპირისპირდება
საერთაშორისო ტუნირი. სლოვენია. როგაშკა სლატინა. 24 ივლისი
საქართველო 70:62 უკრაინა
15:26, 18:12, 20:17, 17:7
საქართველო: ცინცაძე (34წ, 11ქ, 5პ), ფაცაცია (22წ, 9ქ), შენგელია (32წ, 12ქ, 4მ), სანიკიძე (35წ, 19ქ, 8მ, 5ჩ, 3პ), ფაჩულია (29წ, 10ქ, 7მ); ფხაკაძე (6წ), სანაძე (6წ, 2ქ), ბურჯანაძე (12წ, 4ქ), შარაბიძე (7წ), ლეჟავა (16წ, 3ქ)
სრული სტატისტიკა: http://www.kzs.si/index.php?id=114&game_id=2931386&league_id=undefined&season_id=89101#mbt:33-400$t&0=1
gbf.ge