იგორ კოკოშკოვი: საქართველომ უკრაინასთან გამოცდა წარმატებით ჩააბარა
საქართველოს ნაკრებმა სლოვენიაში დღეს დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე უკრაინა დაამარცხა. მატჩის შედეგი ბევრისთვის, უპირველეს ყოვლისა კი ორგანიზატორებისთვის მოულოდნელი იყო. მატჩი როგაშკა სლატინაში გაიმართა, ქართველები კი ამ დაბიდან 30 წუთის სავალზე დაშორებულ პოდჩეტრტეკში, მშობლიურად ქცეულ კომპლექს „ტერმე ოლიმპიაში“ დაბრუნდნენ, სადაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს კომენტარები ტელეფონით ჩამოვართვით…
თავდაპირველად მთავარ მწვრთნელ, იგორ კოკოშკოვს მოვუსმინოთ:
– საუნტერესო და სასიამოვნო მატჩი იყო. უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნეოდა. მართალია, ეს იყო სპარინგ მატჩი, რომელშიც გუნდები ოფიციალური შეხვედრებისთვის უნდა მოემზადნონ, თუმცა შედეგსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. უკვე შორს აღარაა ოფიციალური მატჩები და თუკი აამდე სხვა სათამაშო კომპონენტებს ვაქცევდით ყურადღებას, ახლა შედეგის მიღწევაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა სათამაშო კომპონენტის სრულყოფა. საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ ამ გამოცდის ჩაბარება და რეიტინგში ჩვენზე გაცილებით მაღლა მდგომი უკრაინა დავამარცხეთ.
– რას იტყვით თამაშზე, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის წევრების გამოსვლით?
– პირველ ტაიმში მეტოქემ დაცვაშიც გვაჯობა და შეტევაშიც. საბოლოოდ უკრაინელებმა ჩვენზე მეტი ბურთი მოხსნეს, თუმცა მეორე ტაიმში ფარზე სიტუაცია დავაბალანსეთ და მეტოქეს თავს ჩვენი თამაში მოვახვიეთ. მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, ხოლო თორნიკე შენგელიამ სულაც 2-წლიანი შესვენების შემდეგ მოირგო ნაკრების მაისურა. ამას იმიტომ ვუსმევ ხაზს, რომ შეთამაშების მხრივ ჯერაც ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი და სასიხარულოა, რომ ასეთ პირობებში შევძელით ისეთი ძლიერი მეტოქის დამარცხება, როგორიც უკრაინაა.
კოტე ტუღუში, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:
– უკრაინა სლოვენიაში გაფართოვებული შემადგენლობითაა ჩამოსული. შეიძლება ითქვას, რომ ისინი სერიოზული დანაკლისის გარეშე თამაშობდნენ. ჩვენს გამარჯჯვებას ბევრი არ ელოდა. მარტო ის რას ნიშნავს, რომ ბოლო ტუში აღიარებული ფავორიტის – სლოვენიისა და უკრაინის მატჩია დანიშნული, ეს ნიშნავს, რომ ყველა ამ გუნდების გამარვებას ელის. დღეს რომ უკრაინას მოვუგეთ, ორგანიზაორთა ეს პროგნოზი გავაქრწყლეთ. უკრაინა, ისევე როგორც სლოვენია, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება და გასაკვირიც არაა, რომ ისინი არიან ფავორიტებად მინეულნი.
– ხვალ სლოვენიას ხვდებით.მასპინძლებთან სათამაშოდ რამდენად ხართ მზად?
– სლოვენიაში საქართველოს კარგად იცნობენ და პატივს ცემენ. ვიცით, რომ სლოვენიელები მაქსიმალურად მობილიზებულნი ხვდებიან საქართველოსთან მატჩს. ჩვენი ნაკრები არაფრის დათმობას არ აპირებს და ვფიქრობ, მასპინძლებს მოგების მოპოვება სანატრელი გაუხდებათ. სლოვენიელებს სრულიად სხვა, გადახალისებული შემადგენლობა ჰყავთ. მართალია, გუნდში არიან ძმები დრაგიჩები – ზორანი და გორანი, თუმცა სხვა დანარჩენები თითქმის სრულიად ახალი მოთამაშეები არიან.
gbf.ge