საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიური ტურნირი კანადასთან მარცხით დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა სლოვენიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი კანადასთან მარცხით დაასრულა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდი უკრაინის დამარცხებისა და სლოვენიასთან წაგების შემდეგ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 5 წარმომადგენლის მყოლ კანადას შეხვდა და შეხვედრა 17 ქულის სხვაობით – 66:83 დათმო.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ვიქტორ სანიკიძეს, რომელმაც სლოვენიასთან გუშინდელ შეხვედრაში ტრავმა მიიღო. როგორც ჩანს, სხვა ასპექტებთან ერთად იგორ კოკოშკოვმა ეს მატჩი სათადარიგო მოთამაშეების გამოსაცდელადაც გამოიყენა. მთლად თანაბრად არა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა სათამაშო დრო განაცხადში მყოფ ყველა კალათბურთელს გაუნაწილა. ყველაზე ნაკლები – 8 წუთი ნიკა მეტრეველმა ითამაშა, ხოლო ყველაზე მეტი – 25 წუთი – გიორგი ცინცაძემ.
კანადის ნაკრებთან მატჩის პირველი მეოთხედი დაძაბული იყო, ქულა-ქულაში მიმდინარე ათწუთეული ფრედ – 17:17 დასრულდა. აი, მეორე პერიოდში კი კანადელებმა უპირატესობა მოიპოვეს და 25:15 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი მარაგით გავიდნენ – 42:32.
მეორე ტაიმში იგორ კოკოშკოვს მოგებაზე თავი არ გამოუდვია და თავის გამოჩენის შანსი განაცხადში მყოფ ყველა კალათბურთელს მისცა. საბოლოოდ ქართველებმა 17 ქულით წააგეს და ტურნირი 1 გამარჯვებით დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებში 11-11 ქულით საუკეთესოები ზაზა ფაჩულია და ბექა ბურჯანაძე იყვნენ. ეს უკანასკნელი, რომელმაც 18:35 წუთი ითამაშა, ქართველთაგან საუკეთესო მეფარე გახდა 6 მოხსნით. 10 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა თორნიკე შენგელიამ, ხოლო 9 ქულა იუბილარმა დუდა სანაძემ მიითვალა.
კანადის ნაკრებში არ უთამაშია „კლივლენდ კავალიერსის“ ცენტრ ტრისტან ტომპსონს, რომლის არყოფნაშიც საუკეთესო შედეგი „ორლანდო მეჯიქის“ ფორვარდმა ენდრიუ ნიკოლსონმა დააფიქსირა – 13 ქულა, 8 მოხსნა. გასულ სეზონში „ბათუმის“ შემადგენლობაში მოთამაშე ჯუნიორ ქედუგანმა კანადელებს 21 წუთში 8 ქულა შესძინა.
საქართველოს ნაკრები ხვალ გეზს ლიტვისკენ აიღებს, სადაც 28 და 30 ივლისს ლიტველთა ეროვნულ ნაკრებს სპარინგ-მატჩებში გაეჯიბრება.
საქართველო 66:83 კანადა
17:17, 15:25, 22:24, 12:17უ
საქართველო: ცინცაძე (25წ, 5ქ, 3პ), ფაცაცია (24წ, 4ქ), შენგელია (23წ, 10ქ, 4მ), ბურჯანაძე (19წ, 11ქ, 6მ), ფაჩულია (22წ, 11ქ); სანაძე (23წ, 9ქ, 2ჩ), შარაბიძე (9წ, 2ქ), ლეჟავა (17წ), მეტრეველი (8წ, 4ქ), ფხაკაძე (15წ, 5ქ), ბერიშვილი (16წ, 5ქ, 4მ)
სრული სტატისტიკა: http://www.kzs.si/index.php?id=114&game_id=2931394&league_id=undefined&season_id=89101#mbt:33-400$t&0=1
GBF.GE