ვიქტორ სანიკიძე: ჩეხეთთან საქართველო ფავორიტია
ვიქტორ სანიკიძემ ეროვნულ ნაკრებში ბოლო მატჩი ვერ ითამაშა. მას წელის ტრავმა აწუხებს და დღევანდელ ვარჯიშშიც არ მიუღია მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, ქართველ გულშემატკივარს ნერვიულობის საფუძველი ნაკლებად აქვს – სანიკიძე 10 აგვისტოს, ჩეხეთის წინააღმდეგ დიდი ალბათობით ითამაშებს. ვიქტორს დღეს როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო ამბებზე გავესაუბრეთ…
– დავიწყოთ ტრავმით, რომლის გამოც ბელარუსთან მატჩი გამოტოვე და ახლაც ვერ ვარჯიშობ…
– გუშინ ჩამიტარეს კომპიუტერული გამოკვლევა და სერიოზული არაფერია. დღეს ნაკლებად მაწუხებს წელის ტკივილი და სავარაუდოდ ხვალიდან ვარჯიშს შევძლებ.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებ?
– უფრო მეტი შანსია, რომ ვითამაშო და ზუსტად ამ წუთას არ შემიძლია თქმა, რა როგორ იქნება.
– თუკი ვერ ითამაშებ, ჩეხეთის დამარცხება რამდენად რეალური იქნება?
– რომც არ ვითამაშო, ვთვლი, რომ ფავორიტი მაინც საქართველო იქნება. ეს არის მატჩი, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ჩეხეთის დამარცხებით დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ, ხოლო დამარცხება ძალიან უკან დაგვხევს. ჩეხეთი ჩვენი უპირველესი კანდიდატია, საკუთარ მოედანზე ვეთამაშებით და უფლება არ გვაქვს, დავმარცხდეთ.
– რამდენიმე დღის წინ რუსეთის „უნიკსთან“ გააფორმე კონტრაქტი. როგორ დაგიკავშირ5დნენ რუსები და რამდენად წინგადადგმულ ნაბიჯად თვლი ყაზანის გუნდში გადასვლას?
– რუსები არ დამკავშირებიან. კონტრაქტის გაფორმებამდე 1 კვირით ადრე ჩემი აგენტი შემეხმიანა და „უნიკსის“ ვარიანტი შემომთავაზა. მანამდე ჩემით ესპანური „უნიკახა“ იყო დაინტერესებული, გუნდი, რომელიც ევროლიგაში ასპარეზობს და რომელიც ესპანეთის დივიზიონშიც საკმაოდ წარმატებულად ითვლება. მიუხედავად ამისა, პირადად ჩემთვის „უნიკსი“ იყო მისაღები ვარიანტი და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი. ამ შემთხვევაში კლუბისგან შემოთავაზებულმა პირობებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. აღარ ვარ ისეთ ასაკში, რომ დასამტკიცებელი მქონდეს რამე. რომელ გუნდშიც უკეთესი პირობები მექნება, ცხადია, იქ მიჯობს თამაში. ისიც სათქმელია, რომ არც თავად „უნიკსია“ თუნდაც „უნიკახაზე“ ნაკლები. წლეულს შანსი გვაქვს ევროლიგაში ვითამაშოთ. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზეა და თუკი წარმატებულად ვითამაშებთ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოვხვდებით. არადა, შარშანდელივით ევროთასზე ვიასპარეზებთ, რომლის მოგებამდეც ყაზანელებს ერთი ნაბიჯი დააკლდათ – ფინალში „ვალენსიასთან“ დამარცხდნენ.
– რუსეთის ჩემპიონატში არ გექნება „რეალთან“, „ბარსელონასთან“, „ვალენსიასთან“ თამაშის შანსი…
– სამაგიეროდ ცსკას, ყუბანის „ლოკომოტივს“ და სხვა მძლავრ რუსულ კლუბებს დავუპირისპირდებით. არ მიმაჩნია, რომ გასულ სეზონთან შედარებით დაბალი დონის ჩემპიონატში ვიასპარეზებ. ერთადერთი, რის გამოც შეიძლება „უნიკსში“ გადასვლა არ მინდოდა, ყაზანის ცივი კლიმატია. ჩემმა მეგობარმა, გიორგი ცინცაძემ მითხრა, რომ იქ ძალიან ცივა. ცინცაძე ადრე თამაშობდა რუსეთში, ხოლო შარშან, VTB ლიგაში ასპარეზობისას მოუწია ყაზანში ჩასვლა და მითხრა, რომ მინუს 40 გრადუსი იყოო.
– სოციალურ ქსელებში საუბრობენ იმაზე, რომ ქართველების გადასვლა რუსეთის ჩემპიონატში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო გაუმართლებელია…
– ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ამაზე მაინც ისაუბრებენ. გინდა, არ გინდა, რუსეთის კლუბში გადასვლას პოლიტიკურ სარჩულს მოაბამენ, მაგრამ ამას ჩვენ, სპორტსმენები არ უნდა ავყვეთ. როგორ შეიძლება უარი თქვა ისეთ კლუბში თამაშზე, როგორიც ცსკა-ა, სადაც მანუჩარ მარკოიშვილი გადავიდა. ეს არის სპორტი და პოლიტიკიდან უნდა გავმიჯნოთ. გავიხსენებ 2011 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებს შევხვდით. მაშინ ხომ უფრო ახალი დასრულებული იყო რუსეთთან ომი. რა უნდა გვექნა, არ გვეთამაშა, ან სხვა რამე პროტესტი გამოგვეხატა რუსი სპორტსმენებისთვის? ესაა სპორტი და მაქსიმუმი, რაც შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ მატჩში მოიმოქმედო, მეტი შემართებით თამაშია.
– როგორი იყო გასული სეზონი შენთვის, კმაყოფილი ხარ „სარაგოსაში“ გატარებული პერიოდით?
– „სარაგოსაში“ იმიტომ გადავედი, რომ მეტი სათამაშო დრო და გუნდში მეტი ფუნქცია მინდოდა მქონოდა. „სარაგოსამდე“ იტალიურ „სიენაში“ ვთამაშობდი, სადაც ხანგრძლივი დროით არ მიწევდა მოედანზე გასვლა. აქედან გამომდინარე, „სარაგოსაში“ გადასვლა გამართლებული იყო. სხვათა შორის, „სიენას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუკა ბანკიმ აღიარა, რომ უსამართლოდ მექცეოდა, როცა მხოლოდ 5-10 წუთით მათამაშებდა. ეს მან მანუჩარ მარკოიშვილს უთხრა მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე, სლოვენიაში ჩემი თამაში ნახა. შეიძლება ვინმემ თქვას, სად „სარაგოსა“ და სად „სიენაო“, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ნაბიჯი მისაღები იყო. „სარაგოსაში“ მეტი სათამაშო დრო მქონდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი. მიღწეული შედეგებითაც ვერ ვიტყვით, რომ „სარაგოსამ“ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. მისსავე მოედანზე „უნიკახას“ ძლევით გავედით თასის ნახევარფინალში, ვითამაშეთ ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფში და დავმარცხდით მადრიდის „რეალთან“, რომელსაც სერიაში ღირსეული ბრძოლა გავუმართეთ.
– თვლი, რომ „უნიკსშიც“ ისეთივე შედეგიანი იქნები, როგორც „სარაგოსაში“?
– ამის დიდი სურვილი და იმედი მაქვს. ჩემი პირველი ამოცანაა, გუნდს მალე შევეწყო და ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საგზურის მოპოვება მოვახერხოთ.
gbf.ge