საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტში ჩავიდა (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2015 წლის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩს 13 აგვისტოს, უნგრეთში გამართავს. იგორ კოკოშკოვის გუნდი უნგრეთში დღეს ჩავიდა და იმ ქალაქის სასტუმროში დაბინავდა, სადაც თამაში გაიმართება.
ქართველები კეჩკემეტში რომ ჩავიდნენ, უნგრეთის ნაკრები სამშობლოში არ იმყოფებოდა. მადიარები პორტუგლიიდან ბრუნდებოდნენ, სადაც გუშინ ბრწყინვალე გამარჯვება (58:38) მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრები უნგრეთში სტამბოლის გავლით ჩაფრინდა. ქართველები ჩეხეთის დამარცხების ღამესვე გაემართნენ უნგრეთისკენ და დილის 11 საათზე უკვე ბუდაპეშტში იყვნენ. უნგრეთის დედაქალაქიდან კეჩკემეტამდე 1 საათის სავალია და საქართველოს ნაკრებმა ეს გზა ავტობუსით დაფარა და მყუდრო ქალაქ კეჩკემეტის სასტუმროში დაბინავდა.
ნაკრებს უნგრეთში არ გამოჰყოლია გიორგი შერმადინი, რომელიც რეაბილიტაციის კურსს გადის და ნაკრებს სავარაუდოდ საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო 2 მატჩში – 24 და 27 აგვისტოს დაეხმარება. ღამის მგზავრობის გამო მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა საღამოს ვარჯიში გააუქმა და ნაკრების წევრებს დასვენების საშუალება მისცა. გუნდის წევრები მხოლოდ პირადი სურვილის საფუძველზე, სასტუმროს აუზში და ფიტნეს-ცენტრში მსუბუქად დაიტვირთნენ.
ფეხი აღარ აწუხებს და ხვალინდელ ვარჯიშებში მონაწილეობას მიიღებს ოთო ფხაკაძე. ვიქტორ სანიკიძეს ნატკენი წელი ჩეხეთთან მძიმე თამაშის შემდეგ არ გართულებია და სავარაუდოდ, უნგრეთთან მატჩში მონაწილეობას მიიღებს. საქართველოს ნაკრები სასტუმროსთან ახლოს მდებარე სპორტჰოლში, სადაც 13 აგვისტოს უნგრეთთან მატჩი გაიმართება, ხვალ ორჯერ ივარჯიშებს. ქართველები 12-ის ნახევარზე ერთსაათიან ვარჯიშს ჩაატარებენ, ხოლო საღამოს 7-ის ნახევარზე საათნახევრიანი ვარჯიში ჩატარდება.
GBF.GE