ზაზა ფაჩულია: “დღეს ამ ფორმაციის ნაკრების საუკეთესო მატჩი იყო”
უნგრეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დღევანდელი შეხვედრა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა კოტე ტუღუსმა და კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ შეაფასეს.
კოტე ტუღუში: „ძალიან მნიშნველოვანი თამაში იყო. მინიმუმ 10 ქულით უნდა მოგვეგო, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი სოწრედ 20 ქულიანი სხვაობა იყო. ძალიან რთული სამი გასვლითი შეხვედრის შემდეგ დღეს უკან დასახევი გზა არ გვქონდა. აქცენტი აგრესიულ თამაშზე გავაკეთეთ, რაც ბრწყინვალედ შესრულდა. ყველა ეპიზოდში ბოლომდე ვიბრძოლეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ. დღევანდელ გამარჯვებაში დიდი წვლილი იგორ კოკოშკოვს მიუძღვის, რომელიც ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
შენდეგლიამ კოჭი ამოიგდო. ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდება.”
ზაზა ფაჩულია: „ციკლის ყველაზე მნიშნველოვანი მატჩი იყო. დღეს ჩვენი მომავლის ბედი წყდებოდა და უკან დასახევი გზა არ გვქონდა. რომელიმე მოთამაშის გამორჩევა ძალიან ძნელია. სკამიდან შემოსულმა კალათბურთელებმაც საკმაოდ დიდი საქმე გააკეთეს. შეიძლება ქულები ყველამ ვერ ჩაიწერა აქტივში, მაგრამ დადებითი ენერგია, რომელიც თითოეული მოთამაშისგან მოდიოდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ჩემი აზრით, დღეს ამ ფორმაციის ნაკრების საუკეთესო მატჩი იყო. დიდი მადლობა ფედერაციას და გულშემატკივრებსა და ჩვენს მეტოქეს. წინ კიდევ ერთი მატჩია, რომელშიც ბოლომდე დავიხარჯებით და სანუკვარ მიზანს მივაღწევთ.
ვიცი, რომ წინა შესარჩევთან შედარებით სანახაობრივი მხარე მოიკოჭლებს, თუმცა მიზანთან ახლოს ვართ და მთავარიც სწორედ ეს არის.”