საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი 32 ქულით გაანადგურა
მას შემდეგ, რაც საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ჯგუფიდან ვერ გავიდა, პროგრამა მინიმუმი მაქსიმალური შედეგის მიღწევა, ყველა მატჩის მოგება გახდა. გია კაზანჯიანის გუნდმა მიზნის მიღწევა რიხიანად დაიწყო და 9-16 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ჯგუფის პირველ მატჩში ესტონეთი 32 ქულით გაანადგურა.
საქართველოს ნაკრები ესტონეთს 2 კვირის წინ, ბალტიისპირულ შეკრებისას ეთამაშა და 1 შეხვედრა მოუგო, მეორე კი ფრედ დაასრულა. დღეს მაკედონიაში გამართულ ოფიციალურ მატჩში კი ქართველებმა ესტონელებს შანსი არ დაუტოვეს – 92:60.
პირველი მეოთხედი ქართველებმა 24:9, ხოლო მეორე – 24:10 მოიგეს და მატჩის ბედი დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს. საქართველოს ნაკრები ყველა რგოლში დომინირებდა – რაზეც სტატისტიკა მეტყველებს.
საქართველოს ნაკრებში 10-ქულინ ზღვარს ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია. 20 ქულით და 7 პასით საუკეთესო შედეგი გიორგი ცირეკიძემ დააფიქსირა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან ბაბილოძემ, ხოლო ლადო ფურცხვანიძემ ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუკა ბულაშვილმა, ხოლო გიორგი თვალაბეიშვილის ანგარიშზე 10 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება დაგროვდა.
ხვალ, თბილისის დროით 16:15 საათზე, საქართველოს ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში საკვალიფიკაციო G ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს (ჯგუფის წევრია მაკედონიაც, მაგრამ ამ ნაკრებთან ქართველებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული გამარჯვება გადაჰყვათ).
მეორე საკვალიფიკაციო – H ჯგუფში თავმოყრილი არიან ბულგარეთი, შვეიცარია, შვედეთი და ჰოლანდია. საქართველომ ესტონეთის ძლევით ჯგუფში 1-2 ადგილი გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კაზანჯიანის გუნდი 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. საკვალიფიკაციო ჯგუფების ბოლო 2-2 გუნდი კი ერთმანეთში 13-16 ადგილებს გაითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. მაკედონია, შტრუმიცე. 26 აგვისტო
ესტონეთი 60:92 საქართველო
9-24 10-24 23-10 18-34
სრული სტატისტიკა:
gbf.ge