ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კალათბურთელების განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებით მიმართეს.
პრემიერმა განცხადებას მალევე უპასუხა და საქართველოს ნაკრებს წარმატება მიულოცა.
“ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს – დაძაბული მატჩების შემდეგ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში პირველ ადგილზე გავიდა და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ასპარეზობის უფლება. ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს და ქართული კალათბურთის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას.
განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი ნაკრების გამარჯვება, რადგან კარგად ვიცი, თამაშის, მომზადებისა და ასპარეზობისთვის რამდენი სირთულისა და პრობლემის გადალახვა უწვეთ მათ, და ეს წლებია გრძელდება. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს კალათბურთელებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ.
საქართველოში კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, ქართველი გულშემატკივარი არაერთი დიდი წარმატების მომსწრე გამხდარა. ამიტომაც, ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას, მის პოპულარიზაციას და ეროვნული ჩემპიონატების მაღალ დონეზე ჩატარებას, რაც, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ტურნირებში კიდევ ბევრი გამარჯვების წინაპირობა გახდება.”
ირაკლი ღარიბაშვილი